ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ევროკომისიამ სამუშაო დოკუმენტი გაასაჯაროვა, სადაც მიმოხილულია საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა, სასამართლო სისტემა, ადამიანის უფლებები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
ევროკომისიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ, ზოგადად, საკანონმდებლო ბაზა, ინსტიტუციური წყობა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება უზრუნველყოფს საქართველოს გარკვეული დონის მზაობას შემდგომი დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმებისთვის. თუმცა აღნიშნულია, რომ რეფორმების პროცესს აფერხებს განგრძობადი პოლიტიკური დაძაბულობა, ღრმა პოლარიზაცია, პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსტრუქციული ჩართულობის არარსებობა და ეროვნული ინტერესების ძირითად საკითხებზე კონსენსუსის შექმნის გამოწვევები.
"პარტიათაშორისმა დაძაბულობამ მმართველ უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის, ასევე შეზღუდულმა კონსულტაციებმა სამოქალაქო საზოგადოებასთან იმოქმედა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე და რეფორმების განხორციელებაზე", - აღნიშნულია სამუშაოა დოკუმენტში.
პარლამენტში არსებითი მრავალპარტიული მუშაობა კანონმდებლობის შედგენაში შეფერხდა ოპოზიციის შეზღუდული ჩართვით (მმართველი პარტიის მიერ), ასევე ოპოზიციის ნაწილის მხრიდან პერიოდული ბოიკოტებით. ამის მიუხედავად, აღნიშნულია, რომ იყო თანამშრომლობის კარგი მაგალითები, მათ შორისაა ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში.
სამუშაო დოკუმენტში მიმოხილულია საქართველოს სასამართლო სისტემა. როგორც აღნიშნულია, მიღებულ იქნა რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება, მათ შორის საერთო სასამართლოებთან დაკავშირებით, თუმცა ვენეციის კომისიის ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციების გათვალისწინების გარეშე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველი რეფორმისა და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების სავალდებულო ხასიათთან დაკავშირებით.
ევროკომისია წერს, რომ საქართველომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში გარკვეულ პროგრესს მიაღწია. ასევე აღნიშნულია, რომ საჭიროა შემდგომი ნაბიჯები დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის შემდგომი დასრულებისთვისა და მისი განხორციელების დასაწყებად.
ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებით, საქართველომ მოახდინა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენციებისა და დოკუმენტების უმეტესობის რატიფიცირება და, მთლიანობაში, ასრულებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობით ნაკისრ ვალდებულებებს. ამასთან, ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია შეიცავს გარკვეულ დადებით ელემენტებს ეკონომიკურ და სოციალურ უფლებებთან დაკავშირებით, თუმცა გადასაწყვეტი რჩება რამდენიმე ძირითადი საკითხი, კერძოდ დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით, ასევე, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა.
რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლებას ევროკომისია წერს, რომ საქართველოს აქვს გარკვეული დონის მომზადება და მიღწეულია შეზღუდული პროგრესი. გამოხატვის თავისუფლების უფლებას პატივს სცემენ და იცავენ.
"მედია გარემო ძირითადად პლურალისტურია, მაგრამ ასევე ძალზე პოლარიზებული და მტრულ გარემოში მუშაობს. ბიზნესისა და პოლიტიკური ინტერესების გადაკვეთა კვლავ აფერხებდა მედიის დამოუკიდებლობას. ადგილი ჰქონდა დაშინებებს, ასევე მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკური და სიტყვიერ თავდასხმებს, წინასაარჩევნო მიტინგებისა და დემონსტრაციების კონტექსტში. შემდგომი გამოძიებები ჯერჯერობით არაეფექტურია. მედიის მიმართ მძაფრი განცხადებები ასევე ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებისგან მოდის. სასამართლო პროცესები და გამოძიება ოპოზიციური მედიის მფლობელების წინააღმდეგ გახშირდა. ბოლო განაჩენები მედიის კრიტიკულ გაშუქებაზე უარყოფითად მოქმედებს", - ვკითხულობთ დოკუმენტში.
დოკუმენტში მიმოხილულია შეკრების თავისუფლება. აღნიშნული უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით პრობლემები კვლავ არსებობს, განსაკუთრებით იმ პირების მიმართ, რომლებიც ყველაზე მოწყვლად მდგომარეობაში არიან, როგორც ეს 8 ივლისს Tbilisi Pride-ის მონაწილეების მიმართ სასტიკი თავდასხმის დროს მოხდა.
ევროკომისია წერს, რომ პარლამენტმა წინასწარი კონსულტაციების გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღო შეკრების შესახებ კანონში ცვლილებები, რომელსაც პრეზიდენტმა შემდგომში ვეტოც დაადო.
გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ ინსტიტუციურ დონეზე, გენდერულ ძალადობაზე რეაგირება კარგად არის განსაზღვრული, თუმცა, დამცავი ზომები, მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისები და თავშესაფრის შემდგომი დახმარება შემდგომ გაუმჯობესებას საჭიროებს.
ამასთან, ევროკომისიის დოკუმენტში აღნიშნულია 9 დათქმა, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს. კერძოდ:
ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ დეზინფორმაციასთან, უცხოურ მანიპულაციასა და ჩარევასთან ბრძოლა;
გააუმჯობესოს თავსებადობა ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან;
დამატებით მიაქციოს ყურადღება პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხს, მათ შორის ინკლუზიური საკანონმდებლო მუშაობით პარლამენტში მყოფ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, განსაკუთრებით, იმ კანონმდებლობაზე, რომელიც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას უკავშირდება;
უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესი, განსაკუთრებით, 2024 წელს და სრულად იყოს გათვალისწინებული ეუთო/ოდირის რეკომენდაციები. დასრულდეს საარჩევნო რეფორმებზე მუშაობა, მათ შორის უზრუნველყოფილი იყოს არჩევნების დღემდე ამომრჩეველთა შესაბამისი წარმომადგენლობა;
მეტად გააუმჯობესოს საპარლამენტო ზედამხედველობა, განსაკუთრებით, უსაფრთხოების სამსახურებზე. უზრუნველყოფილი იყოს ინსტიტუციური დამოუკიდებლობა, განსაკუთრებით საკვანძო ინსტიტუტებზე, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციაზე, ეროვნულ ბანკსა და კომუნიკაციების კომისიაზე;
დაასრულოს და განახორციელოს სრული და ეფექტური სასამართლო რეფორმა, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმა - სრულად შეასრულოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, გამჭვირვალობისა და ინკლუზიურობის პროცესით;
მეტად უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დამოუკიდებლობა. გათვალისწინებული იყოს ამ ორგანოების მიმართ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. დააგროვდეს ძლიერი გამოცდილება კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულების საქმეების გამოძიებაში;
გააუმჯობესოს არსებული სამოქმედო გეგმა დეოლიგარქიზაციაზე მრავალსექტორული, სისტემური მიდგომის შესასრულებლად, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან შესაბამისად და მიჰყვეს გამჭვირვალე და ინკლუზიურ პროცესს ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობით;
გააუმჯობესოს ადამიანის უფლებათა დაცვა, მათ შორის ადამიანის უფლებათა ამბიციური სტრატეგიის მიღებით და უზრუნველყოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. დაიწყოს მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიებები მოწყვლადი ჯგუფების, მედია პროფესიონალებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების წინააღმდეგ მუქარის შემთხვევებზე, მისცეს პასუხისგებაში ორგანიზატორები და ძალადობის შემსრულებლები. გაიაროს კონსულტაციები და იყოს ჩართული სამოქალაქო საზოგადოებასთან, რაც მისცემს მათ საშუალებას მნიშვნელოვნად ჩაერთონ საკანონმდებლო და პოლიტიკის შემუშავების პროცესში და უზრუნველყოს, რომ ისინი თავისუფლად იმოქმედებენ.