პაპუაშვილი: დღეს ისტორიული დღეა, დღეს საქართველოს მე-6 პრეზიდენტს ავირჩევთ

პაპუაშვილი: დღეს ისტორიული დღეა, დღეს საქართველოს მე-6 პრეზიდენტს ავირჩევთ

პარლამენტში შენობაში ოცნების მერ არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ დღეს ისტორიული დღეა, რადგან საქართველოს მე-6 პრეზიდენტს აირჩევს.

"დღეს არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ ისტორიული დღე არის, დღეს მოხდება საქართველოს მე-6 პრეზიდენტის ინაუგურაცია. ისტორიულია ბევრი მიზეზის გამო - ეს ინაუგურაცია ჩატარდება საქართველოს პარლამენტის ისტორიულ დარბაზში, სადაც გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა და სადაც ჩვენი ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა დადო ფიცი. ეს არის ისტორიული იმიტომ, რომ პირველად ხდება საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია და ამ მხრივ სრულად ძალაში შედის ის კონსტიტუციური სიახლეები, რომელიც 2017 წელს კონსტიტუციური რეფორმის შედეგად იქნა მიღებული.

ისტორიულია მათ შორის იმ მხრივ, რომ მე-6 პრეზიდენტს მოუწევს ძალიან მძიმე მემკვიდრეობის ჩაბარება მას შემდეგ, რაც ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, ფაქტობრივად, მოახდინა პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტირება, ის ჩააყენა უცხოთა და სხვათა სამსახურში და არა ქართველი ხალხის სამსახურში, ის აქცია განხეთქილების ინსტიტუტად და არა გაერთიანების ინსტიტუტად. ის აქცია საკუთარი პირადი ამბიციების დაკმაყოფილების ინსტრუმენტად და არა ხალხის ინტერესების გატარების ინსტრუმენტად.

ამ ყველაფრის შემდეგ მიხეილ ყაველაშვილს მოუწევს, რომ ამ ინსტიტუტს დაუბრუნოს ის პრესტიჟი და მნიშვნელობა, რომელიც ჩადებული არის ჩვენს კონსტიტუციაში", — განაცხადა პაპუაშვილმა.

ამ წუთებში, პარლამენტთან პოლიციის მობილიზებაა.

11:00 საათზე ოცნება თავისივე არალეგიტიმური პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციას დაიწყებს.

პარალელურად პარლამენტთან იკრიბებიან მოქალაქეები.