პაპუაშვილი დანიგანზე: ჩვენი ინტერესი არაა, გადამდგარი ელჩის ინტერვიუზე განცხადება გავაკეთოთ

[რადიო თავისუფლება] ეს არის ოფიციალურად პროპაგანდისტული მედია და მათი მხრიდან გადამდგარი ელჩის ინტერვიუს გავრცელებაზე ზედმეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩვენს შორის ვადამდე ვინ გადადგა, მე მგონი, ცნობილია, ასე რომ, როგორც იტყვიან, ყველაფერი გასაგებია.

ჩვენი ინტერესის სფერო არ არის, რომ გადამდგარი ელჩის ინტერვიუზე რაიმე განცხადება გავაკეთოთ.

განაცხადა "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რობინ დანიგანზე.

დანიგანმა გუშინ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის განკუთვნილი წერილი გადასცა, რომელიც "მუქარით სავსე და შეურაცხმყოფელი" იყო.

"ქართული ოცნების" ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა წერილი ტრამპის ადმინისტრაციისთვის. პირადი წერილი. ეს არ არის საჯარო წერილი, რომელიც, გულახდილად რომ ვთქვათ, მუქარით იყო სავსე, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და ვაშინგტონში უმძიმესად მიიღეს. ძალიან ცუდად. ამიტომ გვიან მოვამზადეთ პასუხი - ეს სიმართლეა, და ვფიქრობ, დრო იმიტომაც გაჭიანურდა, რომ ხალხი იმდენად გაკვირვებული იყო, მსგავს კორესპონდენციას რომ იღებდა ერთი ქვეყნის ლიდერებისგან მეორე ქვეყნისთვის", - განაცხადა დანიგანმა ინტერვიუში.