პაკისტანსა და ავღანეთს შორის, საზღვრის გასწვრივ, შეტაკებები მოხდა

პაკისტანსა და ავღანეთს შორის, საზღვრის გასწვრივ, შეტაკებები მოხდა

გასულ ღამეს პაკისტანსა და ავღანეთს შორის საზღვარზე შეაკებები მოხდა.

ორივე ქვეყნის უსაფრთხოების ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ ავღანელმა თალიბებმა პაკისტანის საგუშაგოებზე თავდასხმა განახორციელეს.

პაკისტანელმა ოფიციალურმა პირებმა აღნიშნული ფაქტი არაპროვოცირებულ იერიშად შეაფასეს და დაამატეს, რომ ცეცხლის გაცვლა საზღვრის გასწვრივ ექვსზე მეტ ადგილას მოხდა.

თალიბანის ძალებმა განაცხადეს, რომ მათ პაკისტანის სამი სასაზღვრო საგუშაგო აიღეს. თავის მხრივ კი, პაკისტანის ოფიციალური პირების თქმით, მათმა სამხედროებმა ავღანეთის რამდენიმე საგუშაგო გაანადგურეს.

ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ენაიათულა ქოვარაზმიმ განაცხადა, რომ ეს იყო საპასუხო ოპერაცია პაკისტანის მიერ ავღანეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო.

„თუ მოპირდაპირე მხარე კვლავ დაარღვევს ავღანეთის საჰაერო სივრცეს, ჩვენი შეიარაღებული ძალები მზად არიან დაიცვან თავიანთი საჰაერო სივრცე და ძლიერ პასუხს გასცემენ“, - განაცხადა ქოვარაზმიმ.

არსებული ცნობით, პაკისტანმა იერისი ქაბულსა და ავღანეთის სხვა პროვინციებზე 9 ოქტომბერს მიიტანა.

ისლამაბადი თალიბანს თავის ტერიტორიაზე პაკისტანის თალიბანის მებრძოლების შეფარებაში ადანაშაულებს, რომლებიც პაკისტანს ესხმიან თავს. ეს, პაკისტანის მტკიცებით, ინდოეთის მხარდაჭერით ხდება.

ნიუ დელი კი უარყოფს ამ ბრალდებას, ხოლო თალიბანი აცხადებს, რომ არ იძლევა უფლებას თავისი ტერიტორიიდან სხვა ქვეყნების წინააღმდეგ ოპერაციები განხორციელდეს.