ძალადობრივი, პრორუსული და ქართული ოცნების სატელიტი ჯგუფის, ალტ-ინფოს ლიდერი, კონსტანტინე მორგოშია ამბობს, რომ უცხო აგენტების შესახებ რუსული კანონის ახალი ვერსიის დარეგისტრირებას გეგმავენ. როგორც მორგოშიამ ფორმულასთან თქვა, ეს იქნება კანონპროექტის "სწორი ფორმა", რომელიც მათთვის არასასურველი არასამთავრობო ორგანიზაციების არამხოლოდ "გამოაშკარავებას, არამედ აკრძალვასაც ითვალისწინებს.
"კი ვუყურებდი [აქციებს] და ეგ არის მთელი საქართველო? რა გინდათ, რომ ჩვენ გამოვიდეთ და მერე ვთქვათ, რომ ჩვენ უფრო მეტი ვიყავით? პარლამენტი არის იმისათვის, რომ მიიღოს პრინციპული გადაწყვეტილებები, რომლებიც არის საზოგადოებისთვის საჭირო", - თქვა მორგოშიამ.
საუბარია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსულ კანონპროექტზე, რომლის გამოც მმართველი პარტია მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად ქართულმა ოცნებამ რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს განაცხადა, 10 მარტს კი პლენარულ სხდომაზე ჩააგდო. თავდაპირველად, ოცნება ამ კანონპროექტს მხარს უჭერდა და პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. აღნიშნული კანონი პარლამენტში ქართული ოცნების სატელიტმა პარტიამ, ხალხის ძალამ დაარეგისტრირა. კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქციები იყო ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც. თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს.
რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო. პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა.