ოცნების აქციის გამო შსს მოქალაქეებს მოუწოდებს, ხვალ მანქანით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ

ოცნების აქციის გამო შსს მოქალაქეებს მოუწოდებს, ხვალ მანქანით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ

23 ოქტომბერს ქართული ოცნების პარტიული დასკვნითი ღონისძიების გამო შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ პირადი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან.

შსს ამბობს, რომ "მოსალოდნელია გადატვირთული მოძრაობა", რადგან ქართულმა ოცნებამ "მიაწოდა ინფორმაცია, რომ დაგეგმილი შეკრება იქნება მასშტაბური".

"პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დაგეგმილი შეკრება იქნება მასშტაბური, ვინაიდან გარდა დედაქალაქში მცხოვრები მოქალაქეებისა, ღონისძიებას რეგიონებიდან ჩამოსული პირებიც შეუერთდებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და ტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით, მობილიზებულები იქნებიან ღონისძიების ადგილსა და მიმდებარე ტერიტორიებზე.

მოსალოდნელი გადატვირთული სატრანსპორტო მოძრაობიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ მოქალაქეებს თავი შეიკავონ პირადი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან.

ღონისძიებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვა, 23 ოქტომბრის 00:00 საათიდან შეკრების დასრულებამდე იმოქმედებს. მოძრაობა ღონისძიების დასრულებისთანავე ჩვეულ რეჟიმში აღდგება", - აცხადებენ შსს-ში.

ცოტა ხნის წინ თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, ქართული ოცნების პარტიული დასკვნითი ღონისძიების გამო, ხვალ, 23 ოქტომბერს თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება.