ოცნებამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

ოცნებამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

საპარლამენტო უმრავლესობამ დაძლია საქართველოს პრეზიდენტის ვეტო პარლამენტის მიერ "საარჩევნო კოდექსში" მიღებულ ცვლილებებზე, რომლითაც იცვლება ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესი და კვორუმი.

რეგლამენტის თანახმად, პარლამენტმა თავდაპირველად კენჭი უყარა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებზე. მოტივირებულ შენიშვნებს 21-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 61 კი წინააღმდეგ წავიდა, შესაბამისად, შენიშვნები არ იქნა გაზიარებული.

ამის შემდეგ, პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის თავდაპირველ ვერსიას უყარეს კენჭი, რასაც მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა, 13-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.

5 მარტს სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო პარლამენტის მიერ "საარჩევნო კოდექსში" მიღებულ ცვლილებებს, რომლითაც იცვლება ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესი და კვორუმი.

მოტივირებული შენიშვნებით საქართველოს პრეზიდენტი სთავაზობს პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევისათვის განისაზღვროს სამმეხუთედიანი უმრავლესობა, (როგორც ეს განისაზღვრა სახალხო დამცველის არჩევის შემთხვევაში), ხოლო თუ კანდიდატი ვერ მიიღებს 3/5 -ის უმრავლესობის ხმებს, 1/2 -ის უმრავლესობით კანდიდატი არჩეული იქნება 6 თვის ვადით.

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით 20 თებერვალს მიიღო. ცვლილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესს ეხება.

რას გულისხმობს ქართული ოცნების მიერ საარჩევნო კოდექსში მიღებული ცვლილება - სრულად