ქართული ოცნების ერთპარტიულმა პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომლითაც უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ სალომე ზურაბიშვილს სახელმწიფო დაცვა აღარ ეყოლება.
კანონპროექტს ოცნების 85-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ცვლილების თანახმად, საქართველოს პრემიერმინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ აღარ ეყოლება პერსონალური დაცვა თუ საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად, თავისი დასკვნით დაადასტურა მის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა ან შესაბამისი თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეწყვეტა დანაშაულის ჩადენის შედეგია.
გასული წლის 16 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია. სასამართლოს მტკიცებით, პრეზიდენტმა მთავრობის თანხმობის გარეშე ევროპაში ვიზიტების განხორციელებით ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია. ამას წინ უძღოდა რამდენიმეთვიანი კამათი იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობა პრეზიდენტს უცხოეთში ვიზიტით წასვლაზე უარს ეუბნებოდა, რის გამოც სალომე ზურაბიშვილი ევროპელ პარტნიორებთან თავისი ხარჯებით მიემგზავრებოდა.
ორ დღეში ქართულმა ოცნებამ პრეზიდენტის იმპიჩმენტი სცადა, თუმცა 100 ხმა ვერ მოაგროვა და შესაბამისად, იმპიჩმენტი ვერ შედგა.