აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა დღევანდელი ბრიფინგი საქართველოზე საუბრით გახსნა. სახელმწიფო დეპარტამენტში დაგმეს პარლამენტის მიერ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა.
მეთიუ მილერის თქმით, ქართულმა ოცნებამ დააშორა ქვეყანა ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების გზას, მოახდინა ქართველი ხალხის იგნორირება.
სახ.დეპის პრესსპიკერმა ბრიფინგზე ენტონი ბლინკენის განცხადებაც გაიმეორა და თქვა, რომ აშშ-მა საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის გადახედვა დაიწყო.
"დღეს საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ანტიდემოკრატიულ, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ ნორმებს. შეერთებული შტატები გმობს ამ ქმედებას. ამ კანონის მიღებით ქართულმა ოცნებამ დააშორა ქვეყანა ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების გზას და მოახდინა ქართველი ხალხის იგნორირება, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირაა ამ კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს მართავს.
ქართულმა ოცნებამ არ გაითვალისწინა ვენეციის კომისია და საქართველოს პარტნიორების რეკომენდაცია, რომ ეს კანონი მოახდენდა სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის სტიგმატიზებას, შეზღუდავდა ფუნდამენტურ უფლებებს. მმართველი პარტიის ქმედებები და ანტიდასავლური რიტორიკა საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ ტრაექტორიას, სამომავლო ეკონომიკურ უსაფრთხოებას, ევროკავშირში გაწევრიანებას და რისკის წინაშე აყენებს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებს.
გასულ კვირას ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ვინც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს და ინსტიტუციებს საქართველოში, ასევე მათი ოჯახის წევრებს შესაძლოა აღარ ჰქონდეთ ვიზების მიღების უფლება. შეერთებულმა შტატებმა ასევე დაიწყო ყოვლისმომცველი, ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვა საქართველოსთან. როგორც ენტონი ბლინკენმა განაცხადა, გავითვალისწინებთ ქართული ოცნების ქმედებას და მივიღებთ გადაწყვეტილებას.
შეერთებული შტატები განაგრძობს ქართველი ხალხის გვერდში დგომას, სამწუხაროა, რომ საქართველოს ლიდერები ირჩევენ, გვერდი აუარონ ნაბიჯებს, რომელიც საჭიროა დასავლური მიმართულებით სვლის გასაგრძელებლად, რაც ქართველ ხალხს სურს", - თქვა მეთიუ მილერმა.