აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და მაღალჩინოსნებს პროსტატის კიბოს დიაგნოზის შესახებ დროზე ადრე არ შეატყობინა.
70 წლის ოსტინმა ასევე მოიბოდიშა იმის გამო, რომ მისი შემდგომი ჰოსპიტალიზაცია გასაიდუმლოებული იყო და რამდენიმე დღის განმავლობაში თეთრი სახლის უფროსმა პერსონალმა და თვითონ ბაიდენმა არაფერი იცოდნენ.
"[ბაიდენი] წრფელი გულით გამომეხმაურა, რასაც ელოდა ყველა, ვინც იცნობს პრეზიდენტ ბაიდენს, და მადლიერი ვარ ჩემდამი მისი სრული ნდობის გამო", - თქვა ოსტინმა თავის პირველ პრესკონფერენციაზე ჰოსპიტალიზაციის შემდეგ.
პირველ იანვარს ოსტინის ჰოსპიტალიზაცია თეთრი სახლისთვისა და კონგრესისთვის მოულოდნელი იყო და თვითონ ბაიდენმაც არაფერი იცოდა ამის შესახებ.
"არასწორად მოვიქეცი", - თქვა ოსტინმა.
ინციდენტმა პოლიტიკური აჟიოტაჟი გამოიწვია. რესპუბლიკელებმა ოსტინი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობაში დაადანაშაულეს. ბაიდენმა კი განაცხადა, რომ ენდობა ოსტინს, მიუხედავად იმისა, რომ დაეთანხმა კრიტიკას.
თავდაცვის მდივნის თქმით, მისი მოტივაცია, რომ არ შეეტყობინებინა თეთრი სახლისთვის და საზოგადოებისთვის, იყო კონფიდენციალურობა და არა გასაიდუმლოება.
22 დეკემბერს ოსტინი მერილენდის უოლტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში პროსტატის კიბოს სამკურნალოდ გადაიყვანეს. ის საავადმყოფოში 1 იანვარს გართულებების გამო დაბრუნდა, რაც საშარდე გზების ინფექციას მოიცავდა. მისი ჰოსპიტალიზაციის შესახებ მხოლოდ ოთხი დღის შემდეგ გახდა ცნობილი, ხოლო პენტაგონს 9 იანვრამდე არ დაუკონკრეტებია, რა დიაგნოზით მკურნალობდა თავდაცვის მდივანი.