უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის მტკიცებით, "არც კიევია მზად მოლაპარაკებისთვის და არც EU-ია მზად, მიიღოს უკრაინა". ამის შესახებ მან ფრანგულ გამოცემა Le Point-თან ინტერვიუში განაცხადა.
ინტერვიუში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრამდე, ორბანი ამბობს, რომ "ეცდება, საფრანგეთის ლიდერს აჩვენოს უნგრეთის სუვერენული არჩევანი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ".
"იურიდიულად ეს არ არის ვეტო. ვთქვათ, რომ მე არ შემაქვს წვლილი იმაში, რაც მეჩვენება, რომ ცუდი გადაწყვეტილებაა. უკრაინას უჭირს, ის განიცდის რუსეთის შეჭრას და ჩვენ გადავწყვიტეთ მისი მხარდაჭერა. ამიტომ ლეგიტიმურია, მთელმა ევროპულმა საბჭომ კარგი სიგნალები გაუგზავნოს უკრაინას. მე ამის მომხრე ვარ, თუმცა არსებობს სხვა ტიპის სიგნალები, ვიდრე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნაა.
ეს არ უნდა გავაკეთოთ ორი მიზეზის გამო. ჯერ ერთი იმიტომ, რომ არ არიან მზად მოლაპარაკებისთვის, მეორეც, იმიტომ, რომ ჩვენ, ევროპელები მზად არ ვართ, მივიღოთ ის სრულუფლებიან წევრად. უნგრეთი უკრაინის მეზობელი ქვეყანაა, რასაც არ უნდა ფიქრობდეს პარიზში, ბრიუსელში და ჰააგაში, ჩვენ ზუსტად ვიცით, რა ხდება უკრაინაში. ევროკომისიის ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ 7 წინაპირობიდან 4 უკვე დაკმაყოფილებულია, უბრალოდ მცდარია. ცნობილია, რომ უკრაინა ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა მსოფლიოში. პოლიტიკაში ჩემი 40 წელზე მეტი გამოცდილებამ მასწავლა, რომ არასდროს არ უნდა დაუკავშიროთ ტექნიკური საკითხები, როგორიცაა ფული, ისტორიულ გამოწვევებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სრული ქაოსის სასფრთხე გვემუქრება", - ამბობს უნგრეთის პრემიერი.
6 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მაკრონმა ორბანი პარიზში მიიწვია. მხარეებს შორის შეხვედრა დღეს გაიმართა, თუმცა ამ დრომდე არ გავრცელებულა ინფორმაცია მოლაპარაკების შედეგებზე.
ამასთან, 5 დეკემბერს რადიო თავისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს კიდევ ერთი წერილით მიმართა.
14-15 დეკემბერს დაგეგმილი ევროკავშირის ლიდერთა სამიტის წინ ორბანმა მიშელს მიწერა, რომ ევროპული საბჭოს შეხვედრაზე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი "უსაფუძვლოა - პოლიტიკური და ტექნიკური მომზადების დღეს არსებული დონის გათვალისწინებით".