საპარლამენტო ოპოზიცია საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და მას რიგგარეშე სხდომის მოწვევისკენ მოუწოდებს.
კორძაია ამბობს, რომ დღეს ოპოზიცია ოფიციალურად, ხელმოწერებით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს. მისი თქმით, დღეს ზურაბიშვილს გაეგზავნება წერილი, რათა ხვალ მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა, ერთადერთი საკითხით, რომ კენჭი ეყაროს საგამოძიებო კომისიის შექმნას.
"მივმართავთ დღეს, საქართველოს პრეზიდენტს, რომ მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა, რათა ჩვენ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში და პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან დავიწყოთ საჯარო საზოგადოების წინაშე გამჭვირვალე გამოძიება სასამართლო სისტემაში არსებული მანკიერების და კორუფციის წინააღმდეგ", - განაცხადა თამარ კორძაიამ.
როგორც ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, საგამოძიებო კომისია უკვე დარეგისტრირებულია და რიგგარეშე სხდომაზე მათ კენჭისურა სჭირდებათ. სამნიძე კოლეგებს და მათ შორის ქართულ ოცნებას მიმართავს, ხელი არ შეუშალონ ამ პროცესს.
"პრეზიდენტის დასტურის შემდეგ, როდესაც ის წერილს მიიღებს, ჩატარდეს რიგგარეშე სხდომა და კენჭი ვუყაროთ საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელიც გამოიძიებს არა მხოლოდ იმ 4 პირის, 3 მოქმედი და 1 ყოფილი მოსამართლის წინააღმდეგ სანქციების საკითხს და მათ საქმიანობას, არამედ სრულად და მთლიანად სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს, როგორც წინა, ასევე ამ ხელისუფლების პროცესში", - თქვა სამნიძემ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კორუფციისთვის სანქციები დაუწესა მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს. სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ მათ, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესმა წევრებმა, ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.
სანქცირებასთან დაკავშირებით აშშ აცხადებს, რომ ჰქონდათ სანდო ინფორმაცია, რის თანახმადაც, მოსამართლეები ბოროტად იყენებდნენ საჯარო თანამდებობას კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობით. მათი თქმით, ეს აზიანებდა სასამართლო და საჯარო პროცესს, მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და ახდენდნენ მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირებას, პირადი სარგებლის მიღების მიზნით.
ამას გამოეხმაურა ერთ-ერთი სანქცირებული მოსამართლე, ლევან მურუსიძე და განაცხადა, რომ "არა უშავს". მისი თქმით, ამ ფაქტს "როგორმე გადაიტანს".
ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სასამართლო სისტემის პრობლემებზე მუდმივად საუბრობენ და მიუთითებენ, რომ არსებობს მოსამართლეთა ე.წ. კლანი, რომელთა წევრებად სწორედ აშშ-ის მიერ სანქცირებულ პირებს მოიაზრებენ. მათ არაერთხელ მოითხოვეს აღნიშნული მოსამართლეების პერსონალური სანქცირება.
ამ საკითხზე კომენტარი გაკეთებული აქვს ე.წ კლანის წევრს, ლევან მურუსიძესაც - მისი აზრით, ერთ-ერთი რიგითი მოსამართლეა, რომელიც საქმეებს იხილავს და პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარს არ აკეთებს. რაც შეეხება სანქცირების შესახებ კითხვას, მურუსიძემ ამას თავის დროზე ლექსით უპასუხა.