ოპოზიცია რიგგარეშე სხდომის მოწვევასა და საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს

ოპოზიცია რიგგარეშე სხდომის მოწვევასა და საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს

საპარლამენტო ოპოზიცია რიგგარეშე პლენარული სხდომის მოწვევასა და დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს, სადაც იმ კორუფციულ საქმეებს შეისწავლიან, რაზეც საუბარია მოსამართლეების სანქცირების წერილში. პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციის წევრებმა განაცხადეს, რომ პასუხისმგებლობის ფარგლებში უნდა იმოქმედონ.

"ჩვენ გვსურს საქართველოს პარლამენტში უახლოეს მომავალში კენჭისყრაზე დადგეს ინიციირებული საგამოძიებო კომისიის საკითხო და შეიქმნას კომისია. ამ მიზნით ორშაბათს საქართველოს პრეზიდენტს მივმართავთ რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზნით, რადგან მიგვაჩნია, რომ ყოველი დღე, რაც დააყოვნებს რეაგირებას სანქცირების თემებთან დაკავშირებით, შეიძლება ძალიან დიდი ზიანის მომტანი იყოს საქართველოსთვის", - განაცხადა თამარ კორძაიამ.

როგორც ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, საგამოძიებო კომისია უკვე რეგისტრირებულია და კენჭისყრა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. მისივე თქმით, აშშ-ის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ არის დასტური იმისა, რომ საქართველოს ძლიერი და ერთგული პარტნიორი და ახლა მათ უნდა გააგრძელო დაწყებული საქმე. ხატია დეკანოიძეს კი მიაჩნია, რომ ამ კომისიის მხარდაჭერა იქნება ტესტი ყველა ოპოზიციონერი დეპუტატისთვის.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კორუფციისთვის სანქციები დაუწესა მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს. სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ მათ, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესმა წევრებმა, ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.

სანქცირებასთან დაკავშირებით აშშ აცხადებს, რომ ჰქონდათ სანდო ინფორმაცია, რის თანახმადაც, მოსამართლეები ბოროტად იყენებდნენ საჯარო თანამდებობას კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობით. მათი თქმით, ეს აზიანებდა სასამართლო და საჯარო პროცესს, მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და ახდენდნენ მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირებას, პირადი სარგებლის მიღების მიზნით.

ამას გამოეხმაურა ერთ-ერთი სანქცირებული მოსამართლე, ლევან მურუსიძე და განაცხადა, რომ "არა უშავს". მისი თქმით, ამ ფაქტს "როგორმე გადაიტანს".

ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სასამართლო სისტემის პრობლემებზე მუდმივად საუბრობენ და მიუთითებენ, რომ არსებობს მოსამართლეთა ე.წ. კლანი, რომელთა წევრებად სწორედ აშშ-ის მიერ სანქცირებულ პირებს მოიაზრებენ. მათ არაერთხელ მოითხოვეს აღნიშნული მოსამართლეების პერსონალური სანქცირება.

ამ საკითხზე კომენტარი გაკეთებული აქვს ე.წ კლანის წევრს, ლევან მურუსიძესაც - მისი აზრით, ერთ-ერთი რიგითი მოსამართლეა, რომელიც საქმეებს იხილავს და პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარს არ აკეთებს. რაც შეეხება სანქცირების შესახებ კითხვას, მურუსიძემ ამას თავის დროზე ლექსით უპასუხა.