ოპოზიციური პარტიები და პოლიტიკოსები ერთობლივი წერილით 22 სექტემბერს გლდანში დაკავებული ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძისა და ზვიად კუპრავას გათავისუფლებას ითხოვენ. საერთო განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ შორის არსებული განსხვავებების მიუხედავად, ისინი თანხმდებიან საქართველოს ევროპულ მომავალზე.
გთავაზობთ წერილს სრულად:
"22 სექტემბერს, საკრებულოს სახელისუფლებო პარტიის წევრის მიერ ძალადობისკენ ღია მოწოდებას მოჰყვა საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატზე ფიზიკური თავდასხმა, რომელშიც ჩართული იყვნენ სახელმწიფო და კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები.
ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა, რომ ივანიშვილის ერთპიროვნული, დანაშაულებრივი, რუსული სტილის მმართველობა ყოველდღიურად ძირს უთხრის ჩვენი ქვეყნის მომავალს და დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ნატოში გაწევრიანებაზე და ქვეყნისთვის დასავლური უსაფრთხოების ქოლგის მოპოვებაზე აქტიური მუშაობის ნაცვლად, ხელისუფლება აძლიერებს რუსულ პროპაგანდას.
საქართველოს მთავრობა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მოლოდინის პარალელურად, აგრძელებს ევროპული ინტეგრაციის საბოტაჟს და ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ ხელისუფლებას სურს ძალაუფლება ავტორიტარიზმით, ოლიგარქიითა და რუსული კლეპტოკრატიით შეინარჩუნოს.
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ფარცხალაძის დასანქცირებამ და ამის შემდგომ ხელისუფლების მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ივანიშვილის კოლაბორაციონისტული ხელისუფლება მიზანმიმართულად ცდილობს შეაჩეროს ქვეყნის ევროპულ ოჯახში, მის ისტორიული ადგილის დამკვიდრება.
ამის კიდევ ერთი დასტურია ნიკა მელიას დაკავება. მაშინ, როდესაც პოლიციას სათანადო საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაუტარებია ოპოზიციონერ დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძის მიმართ ძალადობაში მხილებული პირების წინააღმდეგ - დააკავეს ოპოზიციონერი ლიდერი.
ხელისუფლება მესამედ იყენებს ნიკა მელიას წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებას. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, მაშინ როდესაც რუსეთის ჯაშუშ, ბოტასების ქურდ, დადასტურებულად კრიმინალ, ბოროტმოქმედ და ტერორისტ სახელმწიფოსთან თანამშრომლობაში მყოფ ფარცხალაძეს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ეფარება, რითაც აგრძელებს ევროატლანტიკური კურსის საბოტირებას.
ხელისუფლების მცდელობა, დააშინოს და დაიჭიროს პოლიტიკური ოპონენტები, ვერ მოიტანს მათთვის სასურველ შედეგს, იმიტომ რომ მიუხედავად კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში აზრთა სხვადასხვაობისა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჩვენგანი ვერ თანხმდება წარსულზე და ვერ თანხმდება აწმყოზე, ვთანხმდებით საქართველოს ევროპულ მომავალზე, ამ თანხმობით კი ავსახავთ ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის აზრს.
ჩვენ, ქართული პროდასავლური ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები, მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა და პარტიული კუთვნილებისა, ყველა, ვისაც გვაერთიანებს ევროპაში ინტეგრაციის სურვილი, გვაერთიანებს საქართველოს ისტორიით ნაკარნახევი ევროპული მომავალი, მოვითხოვთ ნიკა მელიას და მასთან ერთად დაკავებული ბაჩო დოლიძისა და ზვიად კუპრავას გათავისუფლებას.
ხელისმომწერი პოლიტიკურ პარტიები:
დეპუტატები, პოლიტიკოსები და პოლიტიკური ჯგუფები:
გლდანში საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფური თავდასხმა მაშინ მოხდა, როცა ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს დეპუტატი სახლში ბრუნდებოდა. ამას წინ საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება უძღოდა. ერთმანეთს ეძგვერაძე და ქართული ოცნების გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, კოტე ზარნაძე დაუპირისპირდნენ.
თავდასხმის დროს ეძგვერაძესთან ერთად მეგობრები იმყოფებოდნენ და მათაც სცემეს. მისი თქმით, მათ მოულოდნელად ათობით ადამიანი დაესხა თავს.
ზარნაძე ფორმულასთან უარყოფს, რომ თავდასხმა მასსა და ეძგვერაძეს შორის დაპირისპირებას უკავშირდება და ამბობს, რომ მომხდარი ძალადობის შესახებ პირველად ესმის.
მომხდარის შემდეგ ეძგვერაძის სახლთან ნაციონალური მოძრაობის წევრები მივიდნენ. პოლიციამ დაპირისპირების დროს ადმინისტრაციული წესით ენმ-ს სამი წევრი დააკავა. დაკავებულები არიან ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა.
ამასთან, შსს-ში აცხადებენ, რომ ეძგვერაძის მხარდამჭერებთან დაპირისპირების შედეგად პოლიციის თანამშრომლებს სხეულზე დაზინებები აღენიშნებათ და გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის მუხლით დაიწყეს.
უწყებამ გუშინ გლდანში თბილისის საკრებულოს დეპუტატისა და მისი მეგობრების ჯგუფურად ცემის ბრალდებით 6 პირი დააკავა - დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.