ონლაინ მედიები: ვგმობთ პოლიციის მხრიდან ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებს

ონლაინ მედიები: ვგმობთ პოლიციის მხრიდან ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებს

საქართველოში მომუშავე ონლაინ მედიები On.ge, პუბლიკა, ტაბულა, ნეტგაზეთი, ბათუმელები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და გმობენ დღეს, 19 ნოემბერს, პოლიციის მხრიდან ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებს.

კერძოდ, განცხადებაში საუბარია მთავარი არხის ოპერატორის სერგი ბარამიძის დაკავებასა და მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობასა და საქმიანობის ხელშეშლაზე, OC Media ჟურნალისტისთვის მარიამ ნიკურაძისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლაზე. ასევე, ნეტგაზეთის კორესპონდენტ გივი ავალიანისთვის გადაღების ხელშეშლაზე პოლიციის მხრიდან და პუბლიკას ჟურნალისტის მინდია გაბაძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაზე.

ონლაინ მედიების განცხადებით, მსგავსი შემთხვევები საფრთხეს უქმნის ქვეყანაში პრესის თავისუფლებას და არღვევს ჟურნალისტის ხელშეუხებლობის უფლებას.

"ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლა, მათ შორის ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით [ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა] გათვალისწინებული დასჯადი ქმედება.

ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევად მიიჩნევა: ფიზიკური ძალადობა, მუქარა ან სხვა ფორმის ზეწოლა, რომელიც აფერხებს ჟურნალისტის მუშაობას.

ხოლო საერთაშორისო სამართლის დონეზე, ჟურნალისტური საქმიანობა დაცულია ევროპული უფლებების კონვენციით, რომლის მე-10 მუხლი უზრუნველყოფს გამოხატვის თავისუფლებას.

ევროსასამართლოში აღიარებული საქართველოს ვალდებულების მიხედვით, ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ უფლება, რომ მათი საქმიანობა არ შეიზღუდოს არასამართლებრივი ძალადობის, მუქარის ან სხვა სახის სამართლებრივი შეზღუდვების შედეგად.

ჟურნალისტების მიმართ წლების განმავლობაში წარმოებული მადისკრედიტირებელი კამპანიის ფონზე, ქვეყანაში სულ უფრო უარესდება პრესის თავისუფლების მაჩვენებელი. გამოვხატავთ უკიდურეს პროტესტს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უმოქმედობის გამო, მოვუწოდებთ ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას, დაგვეხმარონ მედიაზე თავდასხმის ქმედით აღკვეთაში", - ნათქვამია განცხადებაში.