საელჩო: საერთაშორისო ძალისხმევითაა შესაძლებელი რუსეთის იძულება, დატოვოს უკრაინა-საქართველო

17 წლის წინ, რუსეთის ფედერაციამ უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები სუვერენული სახელმწიფოს - საქართველოს წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის აქტის ჩადენით. ამ აგრესიის შედეგად, საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20% რუსეთის საოკუპაციო ჯარების უკანონო კონტროლის ქვეშ მოექცა. 200 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლები და საკუთარ ქვეყანაში იძულებით გადაადგილებულ პირებად იქცა. ეს თავდასხმა კრემლის ახალი იმპერიული პოლიტიკის პირველი მასშტაბური გამოვლინება იყო, რომელმაც მკაფიო სიგნალი გაგზავნა საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლისა და რეგიონში სტაბილურობის შელახვის სურვილის შესახებ. უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი აგრესია ამ პოლიტიკის პირდაპირი გაგრძელება იყო.

დღეს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ჰუმანიტარული მდგომარეობა უარესდება. აგრესორი ქვეყანა არა მხოლოდ ზღუდავს გადაადგილების თავისუფლებას ოკუპაციის ზონაში, არამედ აქტიურად ახორციელებს ამ რეგიონების მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებებსა და დაპატიმრებებს. უკრაინა ურყევად უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მკაცრად გმობს კრემლის აგრესიულ პოლიტიკას და არ ცნობს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის, საქართველო, ე.წ. „დამოუკიდებლობას“.

რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს სუვერენული ტერიტორიიდან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად და გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარება. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირებული ძალისხმევით, საერთაშორისო სამართლის მკაცრი დაცვით და მკაცრი სანქციების დაწესებით იქნება შესაძლებელი რუსეთის იძულება, დატოვოს უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები და რუსი სამხედრო დამნაშავეები უმკაცრესი პასუხისგებაში მივცეთ.

ვკითხულობთ საქართველოში უკრაინის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2008 წლის აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა.