ფავლენიშვილი: სამადაშვილი და მისნაირი პოლიტიკოსები ივანიშვილის მაშველი რგოლი არიან

ფავლენიშვილი: სამადაშვილი და მისნაირი პოლიტიკოსები ივანიშვილის მაშველი რგოლი არიან

ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი ამბობს, რომ "სალომე სამადაშვილი და მისნაირი პოლიტიკოსები ივანიშვილის მაშველი რგოლი არიან". ასე ეხმაურება ის სამადაშვილის მიერ ფორმულას გადაცემა მრგვალ მაგიდაში გაკეთებულ განცხადებას, რომ "ყველა, ვინც არჩევნებზე არ მივა, ივანიშვილს ეხმარება".

ფავლენიშვილის თქმით, "ასეთი პარკეტის პოლიტიკოსები ვერასდროს დაამარცხებენ ავტორიტარულ რეჟიმს".

"სალომე სამადაშვილი და მისნაირი პოლიტიკოსები სინამდვილეში არიან მაშველი რგოლი ბიძინა ივანიშვილის, ბოლო წლების მანძილზე, ეს ყველამ კარგად იცის. ასეთი პარკეტის პოლიტიკოსები ვერასდროს დაამარცხებენ ავტორიტარულ რეჟიმს და ამიტომაც აქვთ ბრაზი იმ ხალხის მიმართ, ვინც რეალურად ებრძვის ავტორიტარიზმს", - თქვა ფავლენიშვილმა.

გუშინ, 21 სექტემბერს, სალომე სამადაშვილმა განაცხადა:

"ჩემი აზრით, ეს არის ძალიან ღრმა შეცდომა. ყველა, ვინც არჩევნებზე არ მივა, პირდაპირ გეუბნებით, რომ ეხმარება ბიძინა ივანიშვილს, რადგან, ეს უნდა ბიძინა ივანიშვილს, რომ ოპოზიციური ამომრჩეველი არ მივიდეს არჩევნებზე - ეს გზა აქვს გამოვლილი რუსეთს, აქვს გამოვლილი სხვა ქვეყნებს რეგიონში.

შენ როდესაც ხარ ოპოზიციონერი ამომრჩეველი და რეჟიმს არ უწევ წინააღმდეგობას საარჩევნო ყუთთან, შენ ამით ეხმარები რეჟიმს საკუთარი პოზიციების განმტკიცებაში. არანაირი დათქმა არ სჭირდება ბიძინა ივანიშვილს, რომ ვითომ - დემოკრატიაა. ქვეყანაში კრიზისი რომ არის, ამის საზომი არ არის არჩევნებში მონაწილეობა. ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არის კიდევ უფრო გამყარება საკუთარი პოზიციების. ის იტყვის, რომ არანაირი სხვა არჩევანი არ არსებობს, არანაირი სხვა პოლიტიკური პარტიები არ არიან, არჩევნებზეც კი ვერ გამოდიან პოლიტიკური პარტიები. ეს არის პირიქით გამყარება რეჟიმი".