მოსამართლე ლელა კალიჩენკომ ნინო დათაშვილი პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე ლელა კალიჩენკომ ნინო დათაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებული მასწავლებლისა და აქტივისტის ნინო დათაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.

მოსამართლე ლელა კალიჩენკომ ნინო დათაშვილი პატიმრობაში დატოვა. მან არ დააკმაყოფილა ნინო დათაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა.

პროკურატურის მტკიცებით, არსებობს "ახალი დანაშაულის ჩადენის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე".

დღევანდელი სასამართლო პროცესის დაწყებამდე ადვოკატებმა განაცხადეს, რომ გუშინ სამხარაულის ბიუროს ექსპერტებმა, ფსიქიატრიის დეპარტამენტის ექსპერტის, დავით მაღრაძის ხელმძღვანელობით, აქტივისტს ფსიქიატრიული ექსპერტიზა უკვე ჩაუტარეს.

როგორც სასამართლო პროცესზე ადვოკატმა თამარ გაბოძემ განაცხადა, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპერტები გუშინ "შეაპარეს".

დღევანდელ პროცესზე ასევე სიტყვით ისარგებლა ნინო დათაშვილმა. მან 20 ივნისს, დაკავების შემდეგ პოლიციის მხრიდან მის მიმართ მოპყრობაზე ისაუბრა.

ნინო დათაშვილის თქმით, დაკავების შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში მას არ აძლევდნენ შვილთან და ადვოკატთან დარეკვის შესაძლებლობას, ასევე, ექცეოდნენ ცინიკურად და ღირსების შემლახავად.

***

ნინო დათაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოში მანდატურზე ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავებიან. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ნინო დათაშვილი მანდატურს ძალის გამოყენებით გაყავს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლით დაიწყეს, რაც საჯარო მოსამსახურეზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს განხორციელებულ თავდასხმას გულისხმობს.

ნინო დათაშვილს თავისუფლების 4-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთა ემუქრება.

ის 20 ივნისს დააკავეს.