
საქართველოს საკითხებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის მომხსენებლებმა ედიტე ესტრელამ და საბინა კუდიჩმა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისთვის, მზია ამაღლობელისთვის გამოტანილი 2-წლიანი განაჩენი მკაცრად დაგმეს.
"ეს სასჯელი არაპროპორციულია, აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული და სისხლის სამართლის პროცესის ბოროტად გამოყენების მაგალითია დამოუკიდებელი მედიისა და დისიდენტური მოსაზრებების ჩასახშობად. ჩვენ მოვუწოდებთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სრულად პატივი სცეს საქართველოს წევრობის ვალდებულებებს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების მიმართ", - განაცხადეს მომხსენებლებმა, რომლებიც მიმდინარე წელს საქართველოში ვიზიტს გეგმავენ.
PACE-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ამ განცხადებას თან ახლავს ინფორმაციაც, რომელშიც შეხსენებაა, რომ საქართველო ევროპის საბჭოს 10 წევრი სახელმწიფოდან ერთ-ერთია, რომლებიც ექვემდებარება ასამბლეის სრული მონიტორინგის პროცედურას, რომლის მიზანია დაეხმაროს ამ ქვეყნებს წევრობის ვალდებულებებისა და გაწევრიანების ვალდებულებების შესრულებაში.