ომბუდსმენი: ვადგენთ რუსთაველის გამზირზე აქციის დროს დაკავებულ პირთა ადგილსამყოფელს

ომბუდსმენი: ვადგენთ რუსთაველის გამზირზე აქციის დროს დაკავებულ პირთა ადგილსამყოფელს

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, თანამშრომლები რუსთაველის გამზირზე აქციის დროს დაკავებულთა ადგილსამყოფელს ადგენენ და ყველა იმ მოქალაქეს მოინახულებენ, რომლებსაც დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანენ.

"სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები ადგენენ რუსთაველის გამზირზე აქციის დროს დაკავებულ პირთა ადგილსამყოფელს და მოინახულებენ ყველა იმ პირს, რომელიც გადაყვანილი იქნება დროებითი მოთავსების იზოლატორებში. სახალხო დამცველის აპარატი პროაქტიულ რეჟიმში აკვირდება აქციების მიმდინარეობას, მოქმედებს ცხელი ხაზი 1481. სახალხო დამცველის აპარატი დაკავებულ პირთა შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით მიაწვდის", - წერს სახალხო დამცველი.

***

პარლამენტის წინ, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იყო. პოლიციამ აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით დააკავა.

მანამდე, აქციის მონაწილეებს პოლიცია მოუწოდებდა, რომ ტროტუარზე გადასულიყვნენ და საავტომობილო მოძრაობა არ შეეზღუდათ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პოლიცია მათ ფიზიკურად გაუსწორდა.

რუსთაველის გამზირზე დემონსტრანტების დაკავებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოეხმაურა და განაცხადეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ძალადობრივი მეთოდებით აკავებედნენ.

"ძალადობრივი ქმედებები არღვევს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, არ შეესაბამება სამართლებრივ ნორმებსა და არის იმ რეპრესიების გაგრძელება, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობს", - წერს საია.