ომბუდსმენი რიყის პარკის ტრაგედიაზე შესაბამის ორგანოებს საფუძვლიანი გამოძიებისკენ მოუწოდებს

ომბუდსმენი რიყის პარკის ტრაგედიაზე შესაბამის ორგანოებს საფუძვლიანი გამოძიებისკენ მოუწოდებს

სახალხო დამცველის აპარატი შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს რიყის პარკის ტერიტორიაზე მომხდარი ტრაგიული შემთხვევის გამო, დროული და საფუძვლიანი გამოძიება ჩაატარონ.

ომბუდსმენის განცხადებით, აპარატი ტრაგიკულ შემთხვევას შეისწავლის და შესაბამის ზომებს მიიღებს.

"სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისში, რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომლის შედეგად მოზარდი გარდაიცვალა. ეს შემთხვევა მთელი საზოგადოების ტრაგედიაა. გულწრფელად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახსა და მეგობრებს.

მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, ჩაატარონ დროული და საფუძვლიანი გამოძიება და დადგინდეს პასუხისმგებლობის საკითხი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველის აპარატი ყოველმხრივ შეისწავლის ამ ტრაგიკულ შემთხვევას, როგორც უწყებების მიერ გატარებული შესაძლო პრევენციული/სარეაგირებო ზომების, ასევე, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას გატარებული ღონისძიებების თაობაზე და მიმართავს ყველა სათანადო ზომას", - წერს სახალხო დამცველის აპარატი.

***

გავრცელებული ინფორმაციით, რიყის პარკში თხრილში სკოლის მოსწავლე ჩავარდა და დაიღუპა. შემთხვევა 25 იანვარს მოხდა.

ტვ პირველის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოზარდის გადარჩენას მეგობრები ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ.

მათივე ცნობით, თხრილში დიდი რაოდენობით წყალი და ტალახი იყო, რის გამოც ბიჭის ამოყვანა ვერ მოახერხეს.

რიყის დოქების მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლი სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მომხდარს ეხმაურება თბილისის მერია და ირწმუნება, რომ ტრაგედია კერძო ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობაში მოხდა.