სახალხო დამცველი ჰომოფობიური, ძალადობრივი ჯგუფების მიერ პრაიდფესტის ჩაშლას ეხმაურება და შსს-ს მოუწოდებს, უზრუნველყოს ყველა მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა და ყველა კანონდარღვევაზე მოახდინოს დროული რეაგირება.
სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებების დაცვის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება და უსაფრთხოების შესახებ წინასწარი შეთანხმების მიუხედავად ფესტივალი ჩაიშალა.
სახალხო დამცველის განცხადება:
"როგორც კვირეულის დასაწყისში სახალხო დამცველმა საკუთარ განცხადებაში აღნიშნა, ჩვენს ქვეყანაში გამოხატვისა და მანიფესტაციის უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. ამ უფლებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ჯგუფს, რამდენადაც მიუღებელი არ უნდა იყოს მათი მოსაზრებები საზოგადოების რომელიმე ნაწილისთვის.
ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლების დაცვის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობა კი, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ეკისრება. მიუხედავად წინასწარ დადებული შეთანხმებისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფდა ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარებას და გაატარებდა ყველა პრევენციულ ღონისძიებას - დასკვნითი ღონისძიება ჩაიშალა.
ასევე, ცნობილი გახდა, რომ დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა აქცია. სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, რომ უზრუნველყოს ყველა მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა, რაც მთავარია, უსაფრთხო გარემოში. გარდა ამისა, ყველა კანონდარღვევაზე მოახდინოს დროული და სათანადო რეაგირება“ - წერია განცხადებაში.
დღეს Tbilisi Pride-ის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება უნდა გამართულიყო. ჰომოფობიური და აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ფესტივალის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, მაშინ, როდესაც ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებებისა და ორგანიზატორებისთვის მიცემული "გარანტიების" მიუხედავად, ძალადობრივმა ჯგუფებმა ფესტივალი ჩაშალეს.
ისინი ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან 13:00 საათიდან დაიძრნენ და ფესტივალის ჩატარების ადგილამდე ისე მივიდნენ, რომ პოლიციამ მათი მობილიზება გზაშივე არ აღკვეთა - მხოლოდ მცირე დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ძალადობრივი ჯგუფის რამდენიმე წევრი დააკავეს. ამის შემდეგ, მათ პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ტერიტორიაზე შეიჭრნენ.
Tbilisi Pride-მა ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. ფესტივალის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა ტერიტორია დატოვეს, იქ ძალადობრივი ჯგუფები რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ მობილიზებულები, ტერიტორია დაარბიეს და გაქურდეს.