სახალო დამცველის ინფორმაციით, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელ მზია ამაღლობელს, რომელიც უკვე მე-19 დღეა შიმშილობს, მიმდინარე კვირის განმავლობაში სამედიცინო კვლევები ჩაუატარდა და შედეგები სახალხო დამცველის აპარატმა გამოითხოვა.
როგორც ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში ვკითხულობთ, 27 იანვარს სახალხო დამცველის აპარატის ექიმმა პენიტენციურ დაწესებულებაში მზია ამაღლობელი შვიდჯერ მოინახულა, ასევე "გაეცნო მის სამედიცინო დოკუმენტაციას. იმ დროისთვის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო".
"სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილია, რომ მზია ამაღლობელს მიმდინარე კვირაში დამატებითი კვლევები ჩაუტარდა, რომლის შედეგები აპარატს უკვე გამოთხოვილი აქვს. სამედიცინო მასალებს კვლავ გაეცნობა და შეაფასებს აპარატში დასაქმებული ექიმი ასევე, უახლოეს პერიოდში კიდევ ერთ ვიზიტს განახორციელებს.
ის სამედიცინო მასალები, რომლებიც ამ დროისთვის სახალხო დამცველის აპარატს გააჩნია, უკვე მიწოდებული აქვს მზია ამაღლობელის კანონიერი ინტერესების დამცველ ადვოკატს (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია).
გარდა ამისა, მზია ამაღლობელის მდგომარეობისა და სახალხო დამცველის აპარატის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მზია ამაღლობელის მხარე მუდმივ რეჟიმში იღებს, დისტანციურად თუ პირადი შეხვედრებისას.
სახალხო დამცველის აპარატისთვის ასევე ცნობილია, რომ ადვოკატმა გამოითხოვა მზია ამაღლობელის სამედიცინო დოკუმენტაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, რაც ჯერჯერობით არ მიუწოდებიათ. აპარატმა, ამ პროცესის დაჩქარების მიზნით, დაუყოვნებლივ, წერილობით მიმართა პენიტენციურ სამსახურს. აპარატი მიადევნებს თვალს, რომ პენიტენციური სამსახურის მხრიდან მასალების მიწოდება დაცვის მხარისთვის არ შეფერხდეს", - ნათქვამია განცხადებაში.