სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის ინფორმაციით, ომბუდსმენის წარმომადგენლები თბილისსა და ბათუმში დაკავებული პირების სანახავად მიემართებიან.
"მათ შორის, იმყოფებიან ალადაშვილის სახელობის კლინიკაში, სადაც ერთ-ერთი დაკავებულია განთავსებული.
სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავებს, არ შეზღუდონ პროტესტის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. სახალხო დამცველი შეისწავლის სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეთა მიმართ გამოვლენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს და მოახდენს კანონშესაბამის რეაგირებას.
დაკავებული და დაშავებული პირების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი საზოგადოებას მოგვიანებით მიაწვდის" – ვკითხულობთ განცხადებაში.
დღეს, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავა. როგორც ცნობილია, დაკავებული 13 აქტივისტიდან 3-მა განყოფილება დატოვა.
პოლიციის სამმართველო დატოვეს ციალა ქათამიძემ, ნანა შავაძემ, თეონა ბერიძემ, თათია აბულაძემ. გამოცემა ბათუმელების ხელმძღვანელი, მზია ამაღლობელი, რომელიც პოლიციამ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე ხელმეორედ დააკავეს.