
სახალხო დამცველი დღეს ჩატარებულ ჩხრეკებს ეხმიანება და წერს, რომ საგამოძიებო მოქმედებების წარმართვისას ყველა შესაძლო ღონისძიება უნდა იქნას გატარებული არასრულწლოვნებისთვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად.
"სახალხო დამცველი ეხმიანება ე.წ. "ფონდების საქმეზე" მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რამდენიმე სახლში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს, სადაც იმყოფებოდნენ არასრულწლოვნები.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო მოქმედებების წარმართვისას ყველა შესაძლო ღონისძიება უნდა იქნას გატარებული არასრულწლოვნებისთვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად. რა მიზნითაც სამართალდამცავი უწყება ვალდებულია, წინასწარ შეაფასოს ვითარება და არასრულწლოვანს შეუქმნას უსაფრთხო გარემო. ხოლო, წინასწარ გათვალისწინების შეუძლებლობის შემთხვევაში, არასრულწლოვანი დროულად განარიდოს მიმდინარე პროცესებს, მისი ოჯახის წევრის, ახლობლის ან სანდო პირის ჩართულობით, აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოს სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის ჩართვა.
სახალხო დამცველი შეისწავლის აღნიშნულ ფაქტებს და ექნება ყველა შესაბამისი რეაგირება, უფლებამოსილების ფარგლებში," - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს პროკურატურის წარმომადგენლები ნანუკა ჟორჟოლიანის, მარიამ ბაჯელიძის, ალეკო ცქიტიშვილის, მარიამ გეგუჩაძის, ლაშა არველაძისა და გუგა ხელაიას სახლში შევიდნენ.