ომბუდსმენი: აქციებზე სამართალდამცველთა სისასტიკე ზოგიერთ შემთხვევაში წამებას უტოლდება

ომბუდსმენი: აქციებზე სამართალდამცველთა სისასტიკე ზოგიერთ შემთხვევაში წამებას უტოლდება

სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, გაზაფხულსა და ზამთარში მშვიდობიანი შეკრების მონაწილეები, დაკავებულები და ჟურნალისტები სამართალდამცველების მხრიდან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ.

ლევან იოსელიანის შეფასებით, სამართალდამცველთა ძალადობა ზოგ შემთხვევაში წამებას უტოლდებოდა. ომბუდსმენის თქმით, პოლიციელები განზრახ იყენებდნენ ერთნაირ ძალადობრივ მეთოდებს, ხოლო შსს-ს თანამშრომლების იდენტიფიკაცია და მათი პასუხისგებაში მიცემა შეფერხებულია.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამართალდამცველების მხრიდან არა მხოლოდ ფიზიკური ძალადობა, არამედ ჟურნალისტებისა და დემონსტრანტების დევნა, სატელეფონო მუქარა და პირადი ნივთების უკანონო ჩამორთმევაც ფიქსირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალადობის ეპიზოდები არაერთ ვიდეომასალაში დადასტურდა, არცერთ სამართალდამცველს პასუხისმგებლობა არ დაკისრებია.

ომბუდსმენი ასევე მიუთითებს, რომ სამართალდამცველთა ქმედებები მხოლოდ უფლებამოსილების გადამეტებას არ წარმოადგენდა და შესაძლოა, წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის კვალიფიკაციასაც შეესაბამებოდეს.

"სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეთა ცემისა და ძალადობის გარდა, ამავე პერიოდში ადგილი ჰქონდა უცნობი პირების მხრიდან სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტების, საჯარო ფიგურების დევნასა და ძალადობას, ორგანიზებულ სატელეფონო მუქარებს და სხვადასხვა სახით გამოხატულ ძალადობრივ შეუწყნარებლობას. სამწუხაროდ, დღემდე, წლის განმავლობაში გამართული აქციების კონტექსტში, არცერთი სამართალდამცავის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა, მაშინ როდესაც ძალადობის ორ ეპიზოდში, რომლებიც სხვადასხვა ვიდეოჩანაწერში იყო აღბეჭდილი, მოძალადე სამართალდამცავი პირები შეუნიღბავები იყვნენ და შესაძლებელი იყო მათი ამოცნობა. ამის საპირისპიროდ, საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების რაოდენობამ რამდენიმე ასეულს მიაღწია. დაკავებულთა გადმოცემით, მათთვის ტელეფონებისა და პირადი ნივთების კანონსაწინააღმდეგო ჩამორთმევის მასშტაბური შემთხვევებიც იკვეთება, - აღნიშნულია ანგარიშში.