ომბუდსმენი 7-8 მარტზე: ესკალაციის მიზეზად ძალის გამოყენების გაუმართლებელი შემთხვევები იქცა

ომბუდსმენი 7-8 მარტზე: ესკალაციის მიზეზად ძალის გამოყენების გაუმართლებელი შემთხვევები იქცა

სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში გასული წლის 7-8 მარტის აქციების შესახებ წერს. როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, საკითხის შესაფასებლად მან შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინფორმაცია გამოითხოვა. ომბუდსმენი შსს-ს მხრიდან ძალიან გამოყენებას აკრიტიკებს.

როგორც ანგარიშიდან ვკითხულობთ, სამინისტროს არ მოუწოდებია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ შეკრების მონაწილეთა რა რაოდენობა მიმართავდა კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებს და რა გარემოებებით იყო განპირობებული ძალის გამოყენება.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საპასუხოდ, მიუთითა, რომ 2023 წლის 7 და 8 მარტს, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიასა და რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციები არაერთხელ გასცდა "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონით დაშვებულ ნორმებს და გადაიზარდა მასობრივად ძალადობრივ, არამშვიდობიან ქმედებებში. შსს განმარტავს, რომ ფლობდნენ ინფორმაციას, რომ აქციის მონაწილეების გარკვეული ნაწილი მზად იყო საკანონმდებლო შენობის ბლოკირების მოსაწყობად. სამინისტროს გადაწყვეტილებას, გამოეყვანა დამატებითი საპოლიციო ძალები, მოჰყვა რამდენიმე ქუჩის გადაკეტვა", - ვკითხულობთ ანგარიშში.

სამინისტროს ინფორმაციით, 7 მარტს, საღამოს საათებში, პოლიციის მხრიდან "წიწაკის სპრეისა" და "წყლის ჭავლის" გამოყენებას საფუძვლად დაედო პარლამენტის შესასვლელებთან შეკრებილი მოქალაქეების სიტყვიერი აგრესია, პოლიციის თანამშრომლებისთვის საგნების სროლა. პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან არსებული ჯებირების მიზანმიმართული დაზიანების, პარლამენტში შეღწევის მცდელობისა და პოლიციელებისთვის ბლაგვი საგნების სროლის საფუძველზე, სამინისტრომ მიიჩნია, რომ აქცია მთლიანად გასცდა მშვიდობიანი შეკრების ფორმას და მიიღო ძალადობრივი ხასიათი.

სახალხო დამცველის შეფასებით, სამინისტროს არგუმენტაცია არ არის საკმარისად დასაბუთებული, რადგან 7 მარტს, საღამოს საათებში შსს-ს მხრიდან გაფრთხილების თაობაზე განცხადებების გაკეთების დროისთვის, აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობდა მისი მთლიანად შეწყვეტისა და მისი ყველა მონაწილის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ძალადობის იზოლირებული ინციდენტები არ არის საკმარისი მთლიანი შეკრების ძალადობრივად მიჩნევისთვის.

რაც შეეხება 8 მარტს განვითარებულ მოვლენებს, სახალხო დამცველის შეფასებით პარლამენტის წინ მყოფი შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ ძალის გამოყენების საფუძველი არ არსებობდა.

"აღსანიშნავია, რომ ძალის გამოყენების გაუმართლებელი შემთხვევები იქცა სწორედ სიტუაციის ესკალაციის ძირითად მიზეზად. აქციების მიმდინარეობისას, ძალის გამოყენების შემდეგ, არაერთხელ დაიძაბა სიტუაცია. სამართალდამცავები სპეციალურ საშუალებებს იყენებდნენ მაშინაც, როცა ამგვარი აუცილებლობა არ იკვეთებოდა. მედიასაშუალებებით გავრცელებული კადრებით დასტურდება, რომ პოლიციის თანამშრომლები სპეციალურ საშუალებებს იყენებდნენ მაშინაც კი, როცა შეკრების მონაწილეები სამართალდამცავებს მშვიდობიანად უახლოვდებოდნენ", - ვკითხულობთ ანგარიშში.