"შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე არ ხართ", - ასე შეაფასა ქართული ოცნების დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგის, ხატია დეკანოიძის კითხვა, რომელმაც ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების კონტექსტში თქვა, რომ საქართველო ასოცირებული ტრიოს დანარჩენ ორ ქვეყანას ჩამორჩება.
"ქალბატონო ხატია, ისეთი მონდომებით გაუსვით ხაზი, რომ თითქოს საქართველო ჩამორჩენა მოლდოვასა და უკრაინას, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე არ ხართ, ისეთი განცდით საუბრობთ ჩვენს ქვეყანაზე, რომ თურმე საქართველო ჩამორჩება მოლდოვას და უკრაინას. ამის მართლა გჯერათ თუ?... განა, რა არის ისეთი, რაც გაიძულებთ, რომ ეს თქვათ. ფაქტები ხომ იცით.
უბრალოდ ნუ გაგიკვირდებათ რეაქცია. დეპუტატებს სრული უფლება აქვთ, ობიექტური რეაქცია ჰქონდეთ იმაზე, რასაც ქართველი დეპუტატი კადრულობს თავის ქვეყანასთან მიმართებაში. არაფერში არ ჩამოვრჩებით, ბევრად წინ ვართ. სირცხვილია, მოგიწოდებთ, რომ დეპუტატმა ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებები არ აკეთოთ", - თქვა ოხანაშვილმა.
ამ წუთებში პარლამენტში კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. დეკანოიძის კითხვა, რომელიც თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ჩიქოვანს დაუსვა, "მეორე ფრონტის" გახსნაზე ქართული ოცნების რიტორიკას შეეხებოდა.
"კანდიდატის სტატუსის და და NATO-ში ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი პოსტულატი არის დეზინფორმაციასთან ბრძოლა და მათ შორის ევროკავშირისა და ზოგადად, იმ საგარეო პრიორიტეტების თანხვედრაში მოყვანა, რომელიც არის დათქმა იმ პირველი 9 ნაბიჯიდან, რომელიც უნდა განვახორციელოთ ჩვენ, რომ გაგვეხსნას გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები, ჩამოვრჩებით უკრაინას და მოლდოვას... კიდევ უშვებთ თუ არა იმას, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების დაძალებით ხდებოდა მეორე ფრონტის აქტუალიზაცია საქართველოში", - ჰკითხა დეკანოიძემ ჩიქოვანს.