ხოშტარია: [სახაზინო ადვოკატი] აპირებს, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება

ხოშტარია: [სახაზინო ადვოკატი] აპირებს, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება

კოალიცია ცვლილებისთვის ერთერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას თქმით, სახაზინო ადვოკატი, მისი ნების საწინააღმდეგოდ, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

"ე.წ. სახაზინო ადვოკატი, ვინმე შარლატანი ირაკლი ბენია, ჩემი ნების წინააღმდეგ, ბრძანდებოდა ჩემთან „კაპეზეზე“. წუთიც არ დამჭირდა მეთქვა, რომ ის არის არალეგიტიმური წარმომადგენელი და არ ვცნობ მას, როგორც ადვოკატს, ამიტომ გავაგდე ოთახიდან. ახლა კი გავიგე, რომ აპირებს გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე ჩემი ნების საწინააღმდეგოდ.

ნათლად განვაცხადე, მყავს არაჩვეულებრივი იურისტები, კერძოდ შოთა თუთბერიძე, მაგრამ ეს საქმე არ არის, ეს სასამართლო არ არის და საერთოდ არ მაინტერესებს იქ ვინ რას ბოდიალობს. დანაშაული არ არსებობს, შესაბამისად, არ არსებობს ადვოკატი.

პს. ეს ვინმე ბენია იგივეს აკეთებდა სინდისის პატიმრებთან გლდანში. იქიდანაც გამოაბუნძულეს.

ამიტომ ყველამ გაითვალისწინეთ, რაც არ უნდა თქვას ან დაწეროს ამ შარლატანმა, ჩემთან კავშირში არ არის. მას არ გააჩნია თანხმობა და ამ ქმედებით, სავარაუდოდ, არღვევს კანონსაც", - წერს ხოშტარია.

17 სექტემბერს სასამართლომ ხოშტარიას 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა. ოპოზიციონერმა ლიდერმა განაცხადა, რომ ის გირაოს არ გადაიხდიდა. პროცესზე გამოცხადებასა და დაცვაზე უარის თქმის შემდეგ, ელენე ხოშტარიას მოსამართლემ სახაზინო ადვოკატი დაუნიშნა, რაზეც ასევე უარი თქვა.

ელენე ხოშტარია პოლიციამ 15 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერის გაკეთებისთვის დააკავა.