ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო ხელისუფლება პალესტინასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას განიხილავს. ეხო კავკაზას ინფორმაციით, ამის შესახებ ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა.
მისი თქმით, დიალოგი რუსეთში პალესტინის სპეციალურ წარმომადგენელთან და რუსეთის ფედერაციაში პალესტინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან მიმდინარეობს.
"მინისტრმა აღნიშნა, რომ დიალოგი ეხება, მათ შორის, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების პერსპექტივას", - აღნიშნულია ე.წ. სამინისტროს განცხადებაში. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ირანთან, ავღანეთთან, იემენთან და ლიბანთან ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები. არძინბას თქმით, აფხაზეთისა და არაბთა გაერთიანებულ საამიროების ორმხრივი ბიზნეს საბჭო შეიქმნება.