ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ყოფილი პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის ძმისშვილებს - სერგო და ლევ კაბისოვებს ცეცხლი გაუხსნეს. SOVA-ს თანახმად, შემთხვევა თბილისის დროით კვირას, 13:31 საათზე, მე-12 სკოლის წინა ტერიტორიაზე მოხდა.
Telegram არხების თანახმად, ცეცხლი უცნობმა პირებმა გახსნეს, თუმცა თვითმხილველები ამბობენ, რომ ინციდენტში მონაწილეობდა ე.წ. პრეზიდენტის, ალან გაგლოევის ძმა - ალიკ გაგლოევი.
სროლის შემდეგ ორივე ძმა ოკუპირებული ცხინვალის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა თავდაპირველად ადგილობრივი მედია ფაქტს არ ასაჯაროებდა. მოგვიანებით კი, სროლის შესახებ პოსტები საჯარო გვერდებზე გამოჩნდა, რის შემდეგაც მომხდარი მედიამაც გააშუქა.
ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები ინციდენტის გარემოებების დასადგენად. ალან გაგლოვემა დაავალა სეპარატისტულ სტრუქტურებს, რაც შეიძლება მალე დაადგინონ და სამართალს წარუდგინონ სროლაში მონაწილე პირები.