ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობს და ქართული ოცნების თავმჯდომარეს მიმართავს, ერთხელ მაინც ჩავიდეს საოკუპაციო ხაზთან და მოსახლეობას შეხვდეს.
დღეს, 20 ნომერს ირაკლი კობახიძე დავით ქაცარავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, საკორინთლოსთან ოკუპანტები გამოჩნდნენ და საგუშაგო, რომელიც თვეების განმავლობაში არააქტიური იყო, გააცოცხლეს. კობახიძემ მოუწოდა "ქაცარავას, სხვა ნაციონალებს, რომ პროვოკაციებისგან მაქსიმალურად შეიკავონ თავი".
"კობახიძემ ბრძანა - მოვუწოდებ, მოეშვას ქაცარავა პროვოკაციებსო. ერთი, ორი, სამი, ოთხი პროვოკაცია და მოკლეს გინტურიო, ღირსეული კაცი. მოკლედ რომ ვთქვა, დამაბრალა გინტურის მკვლელობა.
რამდენიმე რამეს ვურჩევ კობახიძეს - ერთხელ მაინც ჩამოვიდეს ოკუპაციის ხაზთან, დაელაპარაკოს არა მომზადებულ-დახვედრებულ პარტ აქტივს, არამედ მოსახლეობას, რომელიც მას კარგად აუხსნის, რა ხდება ოკუპაციის ხაზთან, რამდენად დაუცველები არიან და როგორი რისკის ქვეშ უწევთ ცხოვრება.
ადგილობრივები კარგად აუხსნიან კობახიძეს, როგორ მოცოცავს ოკუპანტი და როგორ ვკარგავთ მიწა-წყალს ერთი შეწინააღმდეგების გარეშე, მცხეთა-მთიანეთის, ზემო რაჭის და ზემო იმერეთის სოფლებში თუ ჩავა, იქ საერთოდ ვერც ერთ პოლიციურ პოსტს ვერ ნახავს,(ოძისი - ახალგორის და პერევის პოსტების გარდა) რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობის დაცვა ევალება ოკუპანტების აგრესიისგან.
ასე რომ, ბატონო ირაკლი, მოეშვით ბრალდებების სროლას, გაბედეთ და ოკუპანტს უწოდეთ ოკუპანტი და მკვლელი, ჩადით ოკუპაციის ხაზთან და მერე შეიძლება თქვენი აზრი მოვისმინო, იქნება და აგეხილოთ რამეზე თვალი"- ამბობს ქაცარავა.