
რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე გაიტაცეს. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ოკუპანტებმა ერთ-ერთი მათგანი უკვე გაათავისუფლეს, ხოლო დანარჩენი ორი უკანონო პატიმრობაში რჩება.
"ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი "ცხელი ხაზი".
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას", - წერია უწყების განცხადებაში.