ოდიშარია აბრამიძის მკვლელობაზე: კანონის მიღების ფონზე შესაძლოა ვიღაცას აწყობდა კიდეც

ის, რაც დღეს მოვისმინეთ მიხაელ როთის პირით, არის წარმოუდგენელი, ეს არის სწორედ ანტიევროპული დამოკიდებულება, ანტიევროპული სტანდარტი მაშინ, როდესაც შენ მთელ ხელისუფლებას პრაქტიკულად აბრალებ ერთი ადამიანის მოკვდინებას.

ერთი ადამიანის გარდაცვალება ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია და ამ ტრაგედიით მანიპულირება, თან ასე მოკლე პერიოდში მე მაფიქრებინებს, რომ შესაძლოა ვიღაცას აწყობდა კიდეც, რომ ამ კანონის მიღების ფონზე მომხდარიყო რაღაც ისეთი საზარელი ფაქტი, როგორსაც ჰქონდა გუშინ ადგილი.

ვწუხვარ, რა თქმა უნდა, შეთქმულების თეორიების მომხრე არ გახლავართ, მაგრამ არ შეიძლება ევროპელმა პოლიტიკოსმა ხელი გაიშვიროს მთელი ხელისუფლებისკენ. [...]

ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი ბექა ოდიშარია კესარია აბრამიძის მკვლელობაზე ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მიხაელ როთის გამოხმაურებას, რომელმაც ქართულ ოცნებას დისკრიმინაციული და ჰომოფობიური კანონის გაუქმებისკენ მოუწოდა.

17 სექტემბერს, პარლამენტმა დისკრიმინაციული და ჰომოფობიური ანტი-ლგბტ კანონი მიიღო. კანონპროექტს 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.