ობრაიენი: ერთ პარტიას არ აქვს უფლება გადაწყვიტოს, რომელი პარტიები მიიღებენ მანდატებს

ობრაიენი: ერთ პარტიას არ აქვს უფლება გადაწყვიტოს, რომელი პარტიები მიიღებენ მანდატებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ჯიმ ობრაიენი პრემიერმინისტრ, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომელიც პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ეხება და აღნიშნავს, რომ ეს დემოკრატიული არაა.

როგორც ობრაიენმა თქვა, კობახიძის კომენტარი "გამამჟღავნებელი" იყო და იმაზე მიუთითებს, რომ ქართული ოცნება საქართველოს ევროპისკენ ვერ წაიყვანს.

"ეს არ ჟღერს როგორც დემოკრატია. ერთ პარტიას არ აქვს უფლება გადაწყვიტოს, რომელ სხვა პარტიას აქვს მასთან კონკურენციის უფლება. ეს მოქალაქეების გადასაწყვეტია, რომელი პარტიები მიიღებენ პარლამენტში მანდატებს იმ სამართლიანი წესების მიხედვით, რომლებიც წინასწარვე გასაგებია. ვფიქრობ, ეს ძალიან გამამჟღავნებელი კომენტარი იყო და მიუთითებს, რომ ეს არაა მთავრობა, რომელსაც შეუძლია საქართველოს ევროპისკენ წაყვანა", - განაცხადა ჯიმ ობრაიენმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.

***

22 აგვისტოს, პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა "დემოკრატიული პროცესია". ის ირწმუნებოდა, რომ "როდესაც არსებობს ყველა სამართლებრივი საფუძველი, დემოკრატიულ სახელმწიფოში ასე უნდა ხდებოდეს". კობახიძის მტკიცებით, პოლიტიკური პარტიები "ერთმანეთის მიყოლებით" იკრძალება უკრაინასა და მოლდოვაშიც, რასაც მისი თქმით, ევროკავშირი პოზიტიურად აფასებს. აღსანიშნავია, რომ უკრაინასა და მოლდოვაში რუსეთთან კავშირში მყოფი პოლიტიკური პარტიები აკრძალეს.