ნორდიკული, ბალტიის ქვეყნები: მთავრობამ გადადგას ნაბიჯები, არჩევნების შესაძლებლობა განიხილოს

ნორდიკული, ბალტიის ქვეყნები: მთავრობამ გადადგას ნაბიჯები, არჩევნების შესაძლებლობა განიხილოს

ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები (დანია, ესტონეთი, ფინეთი, ისლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, შვედეთი) ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ საქართველოში შექმნილი სიტუაციით შეშფოთებულები არიან.

ამის შესახებ ოფოციალურ ტექსტს X-ზე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე ავრცელებს.

"სერიოზულად შეშფოთებულები ვართ საქართველოში შექმნილი სიტუაციით. ჩვენ მოვითხოვეთ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ და მის დროს დაფიქსირებული დარღვევების საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიება, დავგმეთ ძალადობა და დაშინება მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ და ვგმობთ პრეზიდენტ ზურაბიშვილის წინააღმდეგ მიმართულ მუქარას", - ნათქვამია განცხადებაში.

ბრაჟეს განცხადების თანახმად, აღნიშნული ქვეყნები საქართველოს ევროპული მისწრაფებების დიდი ხნის მხარდამჭერები არიან და შექმნილ კრიზისისს სასწრაფონდ თავი უნდა დააღწიონ.

"როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობრები და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდამჭერები, შეშფოთებულები ვართ იმით, რომ ქვეყანა უფრო ღრმა პოლარიზაციისა და კრიზისისკენ მიმავალ გზაზე დგას. საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება გამოსავალი კრიზისიდან, რათა აღდგეს საზოგადოების ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ", - წერია ერთობლივ განცხადებაში.

ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების საერთო განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საარჩევნო რეკომენდაციების საფუძველზე ახალი არჩევნების შესაძლებლობები უნდა განიხილოს.

"ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გადადგას დაუყოვნებლივი ნაბიჯები ამ მიმართულებით, მათ შორის ეუთოს საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებით და ამ რეკომენდაციების საფუძველზე ახალი არჩევნების შესაძლებლობის განხილვით", - წერია განცხადებაში.