
აშშ-ის ნიუ-მექსიკოს შტატში, ქალაქ ლას-კრუსესში, დაუდგენელ ავტოშოუზე ორი დაპირისპირებული ჯგუფის სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება.
ინციდენტი პარასკევს, ადგილობრივი დროით 22:00 საათზე, იანგის პარკში მოხდა.
ლას-კრუსეს პოლიციის უფროსის, ჯერემი სტორის თქმით, დაპატიმრებული ამ დრომდე არავინ არის, თუმცა გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს.
სროლის შედეგად ორი 19 წლის მამაკაცი და ერთი 16 წლის მოზარდი დაიღუპა. სტორის განცხადებით, ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება სროლაში გადაიზარდა, რის შედეგადაც შემთხვევის ადგილზე მყოფი რამდენიმე პირიც დაშავდა.
პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან 50-60 ტყვიის მასრა ამოიღეს. ინციდენტის დროს პარკში დაახლოებით 200 ადამიანი იმყოფებოდა.
დაშავებულთა ასაკი 16-დან 36 წლამდეა. შვიდი პაციენტი სამკურნალოდ მეზობელ შტატ ტეხასში, ელ-პასოს კლინიკაში გადაიყვანეს, ოთხი დაშავებული კი უკვე გაწერეს.
სამართალდამცველები მოწმეებს მოუწოდებენ, მიაწოდონ ინფორმაცია ან ვიდეომასალა, რომელიც გამოძიებას დაეხმარება.