უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის იგორ ნიკოლენკოს ცნობით, შოვში სტიქიისას დაღუპული ალინა პოლიკოვსკა უკრაინის მოქალაქე იყო. მის შვილს კი ამ დრომდე ეძებენ.
ნიკოლენკოს თქმით, საქართველოში უკრაინის საელჩო დაღუპულის ოჯახთან კონტაქტზეა და საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობენ, რათა ცხედრის გადასვენება მოხდეს.
"მისი შვილის ძებნა, რომელიც ასევე ტრაგედიის ადგილას იმყოფებოდა, გრძელდება. საქართველოში უკრაინის საელჩომ დაამყარა კონტაქტი დაღუპულის ნათესავებთან და საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობს, რათა ცხედრის სამშობლოში დაბრუნება მოხდეს. იმავდროულად, ჩვენ ვამოწმებთ, იყვნენ თუ არა სხვა უკრაინელებიც სოფელ შოვში" - განაცხადა ნიკოლენკომ.
დღეს შოვში, სტიქიის დროს დაღუპულებს შორის ზაზა მესხის ცოლი, ალინა პოლიკოვსკა ამოიცნეს. ინფორმაცია ზაზა მესხის ყოფილმა ცოლმა, სინტა დეპონტი გაავრცელა.
3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.
ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე.
ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამოცნობილია ცხედრების ნაწილი.
ამ დრომდე კონტაქტზე ვერ გადიან 21 ადამიანთან.