ლელოს წევრის ანა ნაცვლიშვილის თქმით, 2023 წელს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ წერილით დაუდასტურა, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, პირადი განაცხადის საფუძველზე, 4 929 ადამიანი წავიდა.
ნაცვლიშვილმა ოცნების დეპუტატებს კითხვით მიმართა, "ხომ არ დაფიქრდებოდნენ, ამდენი პოლიციელი რატომ წავიდა ბოლო 2 წლის განმავლობაში?". ამასთან, მან აღნიშნა, რომ მინისტრის მოადგილისგან სექტემბერში განახლებული სტატისტიკა მოითხოვა, თუმცა არ მიაწოდეს.
ეს განცხადება ანა ნაცვლიშვილმა პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში ცვლილებებს განიხილავენ. ნაცვლიშვილის თქმით, ეს კანონი მორიგი შეტევაა პოლიციაზე, რათა "კიდევ უფრო მძიმე უსფკრული გააჩინონ პოლიციასა და საზოგადოებას შორის".
"ძალიან ვდარდობ იმ ადამიანებზე, რომლებისთვისაც ახლა ეს მორიგი შეტევაა სინამდვილეში პოლიციაზე, რომ კიდევ უფრო მძიმე უფსკრული გააჩინოთ პოლიციასა და საზოგადოებას შორის, მაშინ როცა სინამდვილეში პოლიცია ის სახელმწიფო ინსტიტუციაა, რომლის მიმართაც ყველას პატივისცემა, ნდობა და თანადგომა გვჭირდება სახელმწიფოს ასაშენებლად.
ერთი კონკრეტული წერილი მინდა გაგაცნოთ, რომელიც ვიცი არ დაგაფიქრებთ თქვენ, იმიტომ რომ ფიქრი არ მოგეთხოვებათ - ეს არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ჩემი კითხვის პასუხად მიღებული წერილი, სადაც მინისტრის მოადგილე მიდასტურებს, 2023 წელს არის მიღებული ეს წერილი, მიდასტურებს, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, პირადი განცხადების საფუძველზე, წავიდა 4 929 ადამიანი. ხომ არ ფიქრობთ, ხომ არ დასვამდით კითხვას, ამდენი პოლიციელი რატომ წავიდა ბოლო 2 წლის განმავლობაში? შემდეგ ამ სტატისტიკის განახლება ვითხოვე და ჯერჯერობით პასუხი არ არის, როგორც ჩანს, ციფრი ძალიან გაზრდილია და არ უნდა მოადგილეს, რომ ახალი სტატისტიკა მომაწოდოს.
რატომ ტოვებენ პოლიციელები სამსახურებს, რატომ გარბიან, ზოგი ცდილობს, ქვეყნის შიგნით ნახოს სამსახური, ზოგით მექსიკით მიდის. არაერთს ჩემთვის პირად საუბარში დაუდასტურებია, რომ უბრალოდ აღარ უნდა ამ უსამართლობას ემსახუროს, აღარ უნდათ ადამიანებს, იმიტომ რომ კარგად ხვდებიან, რომ ეს ფარსი არც სახელმწიფოს უსაფრთხოებას ემსახურება. [...] რატომ არის ამხელა გადინება? რატომ გარბიან ამ ქვეყნიდან?", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონპროექტში ცვლილებებს პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილავენ.
ცვლილებების მიხედვით, საპროტესტო აქციებზე კარვებისა და დროებითი კონსტრუქციების მოწყობა აიკრძალება "თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების, ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება". დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარია, ხოლო მკაცრი მიდგომისას 15 დღემდე თავისუფლების აღკვეთაა.
კანონპროექტში ოცნების დეპუტატები აზუსტებენ, რომ თუ კანონდამრღვევი ორგანიზატორი აღმოჩნდება, მაშინ მას დანაშაულის გამოსყიდვა მეტად მკაცრი - 5 000 ლარიანი ჯარიმით ან 15-დღიანი პატიმრობით მოუწევს.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში რეგულაციების გამკაცრების მიზეზად 18 სექტემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაკეთებული განცხადებაა მოყვანილი. სუს-ის მტკიცებით, გარკვეული ჯგუფები საქართველოში "ოქტომბერ-დეკემბერში დესტაბილიზაციას და ე.წ. კარვების ქალაქის გაშენებას გეგმავდნენ".
კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან ქართული ოცნების დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ბერაია, გივი მიქანაძე, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე.
არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციის წარმომადგენლები კანონპროექტს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ კანონის მიღების შემთხვევაში სამოქალაქო უფლებები კიდევ უფრო შეიზღუდება.