ნაცვლიშვილი 400-ლარიანი ჯებირის დაზიანების საბაბით დაკავებულ ახალგაზრდებს თავდებში უდგება

ნაცვლიშვილი 400-ლარიანი ჯებირის დაზიანების საბაბით დაკავებულ ახალგაზრდებს თავდებში უდგება

ლელოს წევრი, დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 400-ლარიანი ჯებირის დაზიანების საბაბით დაკავებულ 23 და 19 წლის საბა მეფარიშვილსა და ომარ ოკრიბელაშვის თავდებში უდგება. ამის შესახებ ნაცვლიშვილმა ბრიფინგი განაცხადა.

დეპუტატის შეფასებით, ქართული ოცნება ამ მოქალაქეების წინააღმდეგ უპრეცედენტოდ უსამართლო საქმეს აწარმოებს.

"მინდა, გამოვეხმაურო უპრეცედენტო უსამართლობის საქმეს, რომელსაც ქართული ოცნების სასამართლო აწარმოებს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, ათასობით სხვა მოქალაქესთან ერთად, ვინც იცავდა ამ ქვეყნის ევროპულ მომავალსა და ხელისუფლების რუსული პოლიტიკისგან. ამ ადამიანებს ხელისუფლება უპირებს, რომ 400-ლარიანი, დროებითი, რკინის კონსტრუქციის როგორც პროკურატურა ამბობს, დაზიანების გამო, რაც დამტკიცებული არ არის, მრავალი წლით გაუშვას ციხეში.

ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რომ მაშინ, როცა ამ ადამიანების ბრალი არც კი დამტკიცებულა, უკვე მერამდენე თვეა, ისინი საპატიმრო დაწესებულებაში არიან.

დღეს, მე, დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი ვაცხადებ, რომ მზად ვარ, პირადი თავდები ვიყო იმისა, რომ ეს ახალგაზრდა ადამიანები არ მიემალებიან გამოძიებას, ითანამშრომლებენ სასამართლოსთან, მაგრამ ისინი ხელისუფლების მიერ საპატიმროში გამომწყვდეულები ნუ არიან. სასამართლო პროცესები უნდა გაგრძელდეს და სამართლიანობამ უნდა იზეიმოს, მაგრამ მანამ, სანამ სასამართლოს არ გამოუტანია გადაწყვეტილება ამ ადამიანებთან დაკავშირებით მათი ციხეში ყოფნა აბსოლუტურად დაუსაბუთებელია. მზად ვარ, ამ ადამიანების გათავისუფლებას პირადად თავდებში ჩავუდგე", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

***

გუშინ, 24 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ანტირუსულ აქციაზე დავაკებული მოქალაქეები კვლავ პატიმრობაში დატოვა.

ახალგაზრდებს პროკურატურა სახელმწიფო ქონების დაზიანებას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს.