DRI საზოგადოებას სთავაზობს, აქციაზე დაკავებულ 23 და 19 წლის ახალგაზრდებს თავდებში ჩაუდგნენ

DRI საზოგადოებას სთავაზობს, აქციაზე დაკავებულ 23 და 19 წლის ახალგაზრდებს თავდებში ჩაუდგნენ

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) საზოგადოებას სთავაზობს, 400-ლარიანი ჯებირის დაზიანების საბაბით დაკავებულ 23 და 19 წლის ახალგაზრდებს, საბა მეფარიშვილსა და ომარ ოკრიბელაშვილს თავდებში ჩაუდგნენ.

"ბრალდების არსიდან, ბრალდებულების ასაკიდან, პიროვნებიდან და მოსალოდნელი უსამართლო სასჯელიდან გამომდინარე, საზოგადოების მხრიდან არაერთხელ გამოითქვა ორი ახალგაზრდის მხარდაჭერის სურვილი. შესაბამისად, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი საზოგადოებას სთავაზობს, ახალგაზრდებს გვერდით პირადი თავდებობის გზით დაუდგეს.

მხარდაჭერის დაფიქსირების შემთხვევაში მობრძანდით, 10:30-17:30 საათამდე, მისამართზე: ალექსანდრე ყაზბეგის 14 ბ, II სადარბაზო, მესამე სართული", - წერს DRI.

ორგანიზაციის ცნობით, 400-ლარიანი ზიანი, რაზეც სასამართლო სხდომებზე ბრალდების მხარე მუდმივად აპელირებდა, უკვე აანაზღაურეს. DRI მიუთითებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, აღკვეთის ღონისძიებისა და მისი კონკრეტული სახის გამოყენების საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლო, მათ შორის, მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებს.

***

თბილისის საქალაქო სასამართლომ ანტირუსულ აქციაზე დავაკებული მოქალაქეები კვლავ პატიმრობაში დატოვა. მომდევნო სასამართლო პროცესი 30 ივლისს, 16:00 საათზე ჩაინიშნა.

ახალგაზრდებს პროკურატურა სახელმწიფო ქონების დაზიანებას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს.