ოჯახი, სავარაუდოდ, პოლიციის მხრიდან 76 წლის ნაცემი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს.
ფორმულას გადაცემა დროებაში ისინი ამბობენ, რომ ქალი ნაცემია, უჭირს გადაადგილება და მომხდარის გახსენება უჭირს.
21 წლის ლაშა ჟღენტმა 20 ივლისს თქვა, რომ პოლიციამ ქუჩაში გააჩერა, ჩხრეკის დროს კი მასზე იძალადა. ოჯახი ამბობს, რომ პოლიციელებმა იძალადეს ლაშას ბებიაზეც.
ლაშას დედა სოფო გამცემლიძე ყვება, რომ ქალს ჩალურჯებები ეტყობა და თავს ახლაც ცუდად გრძნობს.
"მე მივედი განყოფილებაში, გულწასული დამხვდა, 3-ჯერ თუ 4-ჯერ წასვლია გული ბებიას, მერე უკვე სახლში მიიყვანეს, იქაც რომ გონება დაკარგა, გადაიყვანეს საავადმყოფოში, ღამე გაატარა იქ და იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში, მახსოვრობის პრობლემა შეექმნა.
ექიმმა გაგვაფრთხილა, რომ ძალიან დიდი სტრესი მიიღო ბებიამ და დროებით არ უნდა შეგვეწუხებინა, არ უნდა გაგვეხსენებინა მომხდარი, პირიქით, სიმშვიდეში უნდა იყოს, იმიტომ, რომ ასეთი სტრესის შედეგად შეიძლება, საერთოდ ვეღარ გამოსულიყო მდგომარეობიდან.
არის ნაცემი, უჭირს გადაადგილება, აქვს ხელზეც ემჩნევა ჩალურჯებები და საკმაოდ ცუდად არის, ახლაც არ ახსოვს ყველაფერი, იქ საიდან მოხვდა... ზოგჯერ ახსენდება, რატომ გვირტყამდნენო, რატომ დაიჭირეს ლაშაო, ჩავარდნები აქვს. 76 წლის ქალია, ბებიების ცემა დაიწყეს... " - თქვა სოფო გამცემლიძემ.
შემთხვევა გოგებაშვილის ქუჩაზე 20 ივლისს მოხდა. ახალგაზრდა კაცი ამბობს, რომ პოლიციამ ის გააჩერა და ჩხრეკა დაიწყო. მისივე თქმით, მოხდა ეთიკური ნორმების დარღვევა, რაზეც მან პოლიციას მიუთითა, რის შემდეგაც, ჟღენტის ცნობით, დაიწყო დაკავების ოპერაცია და მასზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადეს.