
„ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს, რომელშიც არა მხოლოდ პროკურატურის, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ის) წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. აღნიშნული ინფორმაცია ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„ჩხრეკაზე მოვიდნენ ჩემთან. ყველა ფონდის დამფუძნებელთან შევიდნენ,“ — წერს ის და მოგვიანებით ამატებს, რომ მისი ბინაში სუს-ის თანამშრომლებიც იმყოფებიან.
ჟორჟოლიანის თქმით, ჩხრეკა მიმდინარეობს სხვა ფონდების დამფუძნებლების სახლებშიც.
ამასთან, ჩხრეკა ტარდება სამოქალაქო აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის საცხოვრებელ ბინაშიც.
ამ დროისთვის უცნობია, კონკრეტულად რა სამართლებრივი საფუძვლით ტარდება ჩხრეკები და რას უკავშირდება გამოძიება. პროკურატურასა და სუს-ს ამ თემაზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებიათ.
შეგახსენებთ, 17 მარტს, საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების კვალიფიკაციით აღძრული საქმის ფარგლებში, დაყადაღდა ხუთი ფონდი, რომლებიც პროევროპულ აქციებზე დაკავებულ და დაშავებულ მოქალაქეებს ეხმარებიან.