მირანდა ძირკვაძე, რომელიც შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ამხელს ამბობს, რომ ეს იმისთვის გააკეთა, რომ სხვა ქალებისთვის მაგალითი იყოს. ფორმულას ეთერში ძირკვაძე ყვება, რომ შალვა რამიშვილს POSTV-ში გასაუბრების დროს შეხვდა.
ქალი იხსენებს, რომ გასაუბრების დროს POSTV-ის ხელმძღვანელი მას პირადული შინაარსის კითხვებს უსვამდა, სექსუალური ხასიათის მიმოწერა კი რამიშვილმა Facebook-ითაც გააგრძელა. ძირკვაძემ სოციალურ ქსელში მიმოწერის სქრინშოტებით გაავრცელა.
"საზოგადოების მხრიდან წამოვიდა ჩემი ბულინგი, იმასთან დაკავშირებით, რომ აქამდე სად ვიყავი, ხმა რატომ არ ამოვიღე, რატომ გავჩუმდი. მინდა ვუთხრა საზოგადოებას და ეთერით ვისარგებლო, იმიტომ გავჩუმდი, რომ ვარ ქართველი, ვარ დედა, მყავს ოჯახი, რომლის რეპუტაციასაც ჩემმა ასეთმა საქციელმა მიაყენა ზიანი.
მე ეს ნაბიჯი გადავდგი მიტომ, რომ დავეხმარო სხვა გოგონებს, ქალებს, დედებს, რომლებსაც ჰყავთ შვილები, რომლებიც გაიზრდებიან და ჩემს მსგავსად მოძებნიან სამსახურს და ასეთი გარეწარი ადამიანი დახვდებათ. ნამდვილად არ მინდა ასეთ ქვეყანაში იცხოვროს ჩემმა შვილმა", - თქვა ძირკვაძემ.
ჟურნალისტმა მაკო ჯაბუამ რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში 21 მარტს ამხილა. ამის შემდეგ რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა. მათი ისტორიები მსგავსია. როგორც ქალები ამბობენ, ისინი გასაუბრების დროს შეავიწროვეს. სექსუალური შევიწროების ბრალდებებს უარყოფს შალვა რამიშვილი.
ისტორიების მოყოლის შემდეგ ორგანიზებული თავდასხმა დაიწყო თათია სამხარაძის მიმართ. თათია სამხარაძე ერთ-ერთია, ვინც POSTV-ის ხელმძღვანელი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა. მან რამიშვილს ტელეკომპანია იმედში ყოფნის დროს, 2016 წელს უჩივლა. 2018 წლის 3 იანვარს შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების საქმეზე საქალაქო სასამართლომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. რამიშვილმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მოსამართლემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ორი ინსტანციის გადაწყვეტილება რამიშვილს უზენაეს სასამართლოში აღარ გაუსაჩივრებია.