ბრალი წარედგინა ონის მერის წარმომადგენელს, რომელიც ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

ბრალი წარედგინა ონის მერის წარმომადგენელს, რომელიც ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

პროკურატურამ ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის ჩადენის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა.

შქმერში ონის მერის წარმომადგენელი ქრთამის აღების ბრალდებით გუშინ, 16 აგვისტოს დააკავეს.

პროკურატურის თანახმად:

"ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, ონის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი შქმერის ადმინისტრაციულ ერთეულში, ერთ პირს დაჰპირდა, რომ თითქოს, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ტყის ფონდის ტერიტორიიდან, ყოველგვარი ნებართვის გარეშე გამოატანინებდა წიაღისეულს – 180 ტომარა ტორფს. სანაცვლოდ, მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ პირს 15 აგვისტოს გამოართვა თანხა და სცადა მოტყუებით დაუფლებოდა 1800 ლარს.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თაღლითობის მცდელობა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ ჯარიმას ან 6-დან 9 წლამდე თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - ვკითხულობთ განცხადებაში.