ზვიად კუპრავა დააკავეს

ზვიად კუპრავა დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობიდან თბილისის საკრებულოს წევრი ზვიად კუპრავა დააკავეს.

მათი თქმით, კუპრავა დაკავებულია ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების გამო.

"გამოძიების მასალების მიხედვით, 2025 წლის 30 სექტემბერს ზვიად კუპრავამ სოციალურ ქსელში განათავსა ვიდეო, სადაც მან მოქალაქეებს მოუწოდა 4 ოქტომბრის არჩევნების ჩაშლისა და სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალებისკენ. აღნიშნული მოწოდების დანაშაულებრივი ბუნების შესანიღბად, მან შესაბამისი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, მან არჩევნები რუსულ სპეცოპერაციად, საარჩევნო უბანი სპეცოპერაციის პუნქტად მოიხსენია, სახელმწიფო ხელისუფლება მოიხსენია ივანიშვილად.

კუპრავამ დაკავებისას ჩვენს წარმომადგენლებს გაუწია წინაარმდეგობა, შესაბამისად ზვიად კუპრავამ ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 353-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედება, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნო მოწოდებას და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას გულისხმობს", - განაცხადეს სუს-ში.

სუს-ში ისაუბრეს კუპრავას ვიდეომიმართვაზეც:

"საგულისხმოა, რომ ვიდეომიმართვაში დანაშაულის ჩადენის მოტივიც დაასახელა - ულტიმატუმი წაუყენა სახელმწიფო ხელისუფლებას, რომ პატიმრობიდან გათავისუფლდეს მჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი და მის მიერ პოლიტპატიმრებად მოხსენიებული სხვა ბრალდებულები, თუ მსჯავრდებულები.

აღნიშნვას საჭიროებს ის ფაქტიც, რომ გარდა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებისა, ბრალდებული აანონსებდა სხვა დანაშაულის ჩადენასაც, რომელიც გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლით, რაც ძალადობით, ან ძალადობის მუქარით არჩევნებში ნების განხორციელებისთვის ხელის შეშლას გულსიხმობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყურადღებით შეისწავლის ყველა მსგავს განცხადებას, თუ დანაშაულებრივი მიზნით განხორციელებულ ქმედებას, მათი სამართლებრივი შეფასებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით".

გავრცელებული ინფორმაციით, კუპრავა ნაცემია.