"ლაგი კაპიტალის" დაკავებულ 2 წარმომადგენელს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

"ლაგი კაპიტალის" დაკავებულ 2 წარმომადგენელს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება/გამოყენების ფაქტებზე პროკურატურამ "ლაგი კაპიტალის" 2 წარმომადგენელს ბრალდება წარუდგინა.

უწყების განცხადებით, შპს "ლაგი კაპიტალმა" მოიგო მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ 11 ტენდერში, რომელიც 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. თუმცა საგამოძიებოს განცხადებით, არც ერთ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები არ დასრულებულა.

ამასთანავე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ არ აშენებულა ჯამში 4 სკოლა რასაც კომპანიას საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულება ავალდებულებდა.

უწყება აცხადებს, რომ გარკვეული მექანიზმის გამოყენებით, ბრალდებულები უკანონოდ დაეუფლნენ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ავანსად ჩარიცხული 11 218 380 ლარიდან 9 365 801 ლარს.

დაკავებულებს თავისუფლების 9-დან 12 წლამდე აღკვეთა ემუქრებათ.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2023 წლის თებერვლიდან გამოაცხადა ტენდერები ჩოხატაურის, ოზურგეთის, მცხეთის, ნინოწმინდის, დედოფლისწყაროს, გორისა და ბათუმის მუნიციპალიტეტებში საბავშვო ბაღების პროექტირება/მშენებლობის თაობაზე.

გამოცხადებულ ტენდერებში გასამარჯვებლად ბრალდებულებმა დაამზადეს და სხვა საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად კომპანიის სამუშაო გამოცდილების შესახებ ყალბი აუდიტორული დასკვნა წარადგინეს.

ტენდერებში გამარჯვების შემდეგ ბრალდებულებმა, მუნიციპალური განვითარების ფონდისგან საავანსო თანხების ჩარიცხვა, ვითომდა ბაღების სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად წინმსწრებად მოითხოვეს და მიიღეს, ისე რომ ძირითად შემთხვევაში ჯერ კიდევ არ ჰქონდათ საბავშვო ბაღების მშენებლობის პროექტი დამტკიცებული. შედეგად, საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების მიზნობრიობით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ფონდისგან თაღლითურად დაეუფლნენ - 9 365 000 ლარს, ხოლო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები არ შეუსრულებიათ.

თაღლითურად დაუფლებული თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, ბრალდებულებმა 1 211 000 ლარი სრულად გადარიცხეს მათივე საკუთრებაში არსებული სხვა კომპანიის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე, თითქოსდა გასაწევი მომსახურების ავანსის მიზნობრიობით, რაც შემდგომში სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენეს, მათ შორის სესხების დასაფარად, რითაც საბოოლოდ მოახდინეს დანაშაულებრივად დაუფლებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ლეგალურ ფინანსურ სისტემაში გაშვება და ინტეგრირება.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 194-ე მუხლის მე-2 და მე-3 და 362-ე მუხლის მეორე ნაწილით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება/გამოყენება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - აცხადებს პროკურატურა.

აღნიშნული ბრალდების საფუძველზე 2 ადამიანის, ა.ბ.-სა და ბ.ბ.-ს დაკავების შესახებ განცხადება სუს-მა გუშინ გააკეთა.