POSTV-ის ხელმძღვანელ შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალი ამხელს. მათი ისტორიები მსგავსია. როგორც ქალები ამბობენ, ისინი გასაუბრების დროს შეავიწროვეს.
ლ. გ. ყვება, რომ შალვა რამიშვილთან გასაუბრებაზე 6 წლის წინ იმყოფებოდა. მისი თქმით, სწორედ მაშინ შეავიწროვა რამიშვილმა.
გვანცა ბუდაღაშვილი ამბობს, რომ შალვა რამიშვილს 2018 წელს შეხვდა, როდესაც POSTV-ში გასაუბრებას გადიოდა. როგორც ის ამბობს, გასაუბრებაზე ბევრ თემაზე ისაუბრეს და რამიშვილი "სექსუალურ საკითხებზე" დაიწყო ყურადღების გამახვილება. ამასთან, ქალი POSTV-ის ხელმძღვანელთან მიმოწერის სქრინებსაც აქვეყნებს.
"მითხრა, რომ განსაკუთრებული შარმი მაქვს და შემიძლია ჩემი შარმის წყალობით ბევრ რამეს მივაღწიო. (ზუსტად არ მახსოვს როგორ თქვა და ამიტომ ვერ ვციტირებ) უხერხულობა ვიგრძენი და წამოვედი. რამდენიმე დღეში ისევ მომწერა ან დამირეკა. სამსახურის დაწყება თუ გინდა მოდი რაღაცები გავარკვიოთო. მივედი. უკვე ნასვამი იყო და მთელი არსებით პირდაპირ მოითხოვდა რომ ჩემ ფეტიშებზე მელაპარაკა. რა თქმა უნდა, რამდენიმე წუთში წამოვედი და უკვე ნათელი იყო ვისთანაც მქონდა საქმე და მივხვდი, რომ ამ "სამსახურის" გზა საწოლზე გადიოდა. მითხრა, რომ ზოგადად ეგეთი არაა და უბრალოდ მე ვარ განსაკუთრებული. ტასო ბარნოვას ამბავიც გავუხსენე და, რა თქმა უნდა, სასულეებით სცადა თავის მართლება", - წერს სოციალურ ქსელში გვანცა ბუდაღაშვილი.
"მე, სრულიად გამოუცდელს, ზედმეტად მიამიტს მეგონა, რომ მივდიოდი სტაჟიორად და მისგან მივიღე შემდეგი კითხვები:
1. მარტო ცხოვრობ თუ მშობლებთან ერთად? 2. შეყვარებული, ან ძმა გყავს? და თუ კი, გიშლიან თუ არა რამის კეთებას? 3. ნახევრად შიშველი შეძლებ ქუჩაში სიარულსა და ინტერვიუს ჩაწერას? 4. რომანი გქონია შენს დამსაქმებელთან? 5. რას სთავაზობ ჩვენს არხს შენი სახით?
დამამუნჯა ამ კითხვებმა, რომელი ტელევიზიის უფროსი სვამს მსგავს კითხვებს ?! ან განცხადებაში პირდაპირ მიუთითე, რომ ჟურნალისტს კი არა საყვარელს ეძებ! ვერც წარმოვიდგენდი, რომ მსგავს კითხვებს დამისვამდა. იმდენად მოულოდნელი იყო, რომ საკადრისი პასუხი მაშინ ვერ გავეცი, რასაც ძალიან ვნანობ", - ამბობს ქალი.
კიდევ ერთი ქალი, ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი, ანანო იაშვილი ყვება, რომ ათი წლის წინ, როდესაც 18 წლის იყო, შალვა რამიშვილმა ტელეკომპანია იმედში გასაუბრებაზე დაიბარა და წინასწარ გააფრთხილა, "გამომწვევად" ჩაეცვა.
"გასაუბრებაზე რა და როგორ მითხრა და რა გადავიტანე, ამას აღარ მოვყვები ამ ეტაპზე, თვეების შემდეგ კიდევ დამირეკა ახალი შემოთავაზებით (წინაზე უარის შემდეგ) და წლების განმავლობაში პერიოდულად მიგზავნის ისტერიულად მეგობრობის თხოვნას, მერე აუქმებს, მერე მიგზავნის, მერე აუქმებს... მანიაკია ჩვეულებრივი და ამ ადამიანს აქვს პლატფორმა, საიდანაც ვიღაცას რაღაცას მოუწოდებს! და თავისუფლად დადის ქუჩებში... მე კიდე წლები დამჭირდა ამ ტრავმის გადასახარშად", - წერს იაშვილი სოციალურ ქსელში.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ამხელენ. მსგავს გამოცდილებაზე ისაუბრა ჟურნალისტმა მაკო ჯაბუამაც.
2016 კი წელს შალვა რამიშვილს ტელეკომპანია იმედის თანამშრომელმა თათია სამხარაძემ უჩივლა. სამხარაძე აცხადებდა, რომ რამიშვილის მხრიდან სექსუალურ შევიწროებას სისტემატური ხასიათი ჰქონდა. სამხარაძე ამბობდა, რომ ამის დამადასტურებელი ჩანაწერი ჰქონდა. რამიშვილი სექსუალური შევიწროების ფაქტს უარყოფდა. 2018 წლის 3 იანვარს შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების საქმეზე საქალაქო სასამართლომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. რამიშვილმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მოსამართლემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ორი ინსტანციის გადაწყვეტილება რამიშვილს უზენაეს სასამართლოში აღარ გაუსაჩივრებია.
სექსუალური შევიწროების ბრალდებებ უარყოფს შალვა რამიშვილი. დღეს განცხადება გაავრცელა სახელისუფლებო და პროპაგანდისტულმა POSTV-მ, რომელიც შევიწროების ისტორიებს "ჭორებს" უწოდებს და ამტკიცებს, რომ ამით თავს ესხმიან არხს, რომელიც არაერთხელ არის შემჩნეული ანტიდასავლური გზავნილების გავრცელებაში.