ნობელის პრემიის ფლობელი ჟურნალისტი მარია რესა ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს გამოეხმაურა.
მან X-ზე გააზიარა პოსტი, რომელზეც მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის ფოტოებია, სადაც უკანონოდ დაკავებულ ჟურნალისტს ხელში მარია რესას წიგნი - "როგორ დავამარცხოთ დიქტატორი" უჭრავს.
"საპროტესტო აქციების 47 დღის შემდეგ... წარმოუდგენელია #თავისუფლებასაქართველოს", - წერს მარია რესა.
After 47 days of protests ... would've been unimaginable #FreeGeorgia https://t.co/v085CWj31p
ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოცემა ბათუმელების დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, რასაც სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.
სასამართლო პროცესზე პატიმრობის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, ხოლო დაცვის მხარე მის მიმართ 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა.
პროცესზე სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც და განაცხადა, რომ პასუხისმგებლობას არ გაურბის.
პროკურატურამ მას ბრალი გუშინ წარუდგინა.
პროკურატურა მზია ამაღლობელს ბრალს სდებს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – მას ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავებიან.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში მზია ამაღლობელს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მზია ამაღლობელი 11 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს. პირველად ის დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – "იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე". მანამდე ამ პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს მზია ამაღლობელის თანამშრომელი, ციალა ქათამიძე. მზია ამაღლობელი აქციაზე სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მივიდა.
დაახლოებით ორი საათის შემდეგ მზია ამაღლობელი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ხელახლა დააკავეს - ის სისხლის სამართლის კოდექსით არის დაკავებული, კერძოდ პოლიციელზე თავდასხმის მუხლით.
ბათუმელების თანახმად, მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატს, მიუხედავად იმისა, რომ განხორციელდა რამდენიმე ზარი გენერალურ ინსპექციაში. ამ პერიოდში მზია ამაღლობელი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა განუცხადა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა მის მიმართ არასათანადო მოპყრობას.