მზია ამაღლობელის დასკვნითი სიტყვა

მზია ამაღლობელის დასკვნითი სიტყვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელზეც სინდისის პატიმარმა დასკვნითი სიტყვა თქვა.

ბათუმელების თანახმად, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმამდე ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა მზია ამაღლობელის მხედველობასთან დაკავშირებით სამედიცინო გამოკვლევის შედეგები წარადგინა - საქმეზე დასართავად.

ადვოკატის თანახმად, ერთ თვალში მზია ამაღლობელის მხედველობა 1%-ია, მეორეში კი - მხოლოდ სათვალის გამოყენებით იზრდება 30%-მდე.

ამის შემდეგ, მზია ამაღლობელმა დასკვნითი სიტყვა ნინო დათაშვილზე საუბრით დაიწყო.

"4 აგვისტო მონიშნული მქონდა როგორ თარიღი, როცა ნინო დათაშვილი, სინდისის პატიმარი, მარტოხელა დედა, მისი აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე უნდა ემსჯელა სასამართლოს. ისიც იმ დაწესებულებაშია, სადაც მე. თუმცა ისეთ პირობებში ვართ, შემთხვევითაც ვერ გადავეყრებით ერთმანეთს. ნინო გამაგრდი, მარტო არ ხარ.

მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ პროკურატურა ფსიქიატრიულში გამოკეტვას უპირებს, სულ ჩამოვიცალე. მიჭირს გავიხსენო, როდის იყო მორალისგან დაცლილი ასე სისტემა.

მერე გავიხსენე ნინოს სიტყვები, მე მსხვერპლი არ ვარო და ყველაფერი თავის ადგფილზე დაბრუნდა. ნინო, რეჟიმი საკადრის პასუხს მიიღებს.

ბრაზის და უსამართლობის გამო, ბატონო პროკურორებო, მეც ამიწყლიანდება ხოლმე თვალები, ენაც მებმება და სიტყვებს ვერ ვპოულობ, ხმაც მებზარება. რას იტყვით, საჭიროებს ეს ფსიქიატრიულ ექსპერტიზას?

დათაშვილის ფაქტის გამო, ბევრი სათქმელი უმნიშვბელო გახდა", - თქვა მზია ამაღლობელმა.

ამის შემდეგ, მან საპროცესო შეთანხმებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ეს მისთვის "ცოცხლად დამარხვის ტოლფასია".

"იქ, სადაც მეშვიდე თვეა უკანონოდ გამოკეტილი ვარ, ბევრისთვის საპროცესო გარიგება სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ჰუმანური ნაბიჯია. ვერ დავივიწყებ პატარა გოგოს ტირილს, რომლის ხმა ჩემს საკანში აღწევდა. დედა მენატრებაო. როცა გავიგე, რომ მის მშობელთან საპროცესო გარიგებას აწარმოებდნენ, ძალიან გამიხარდა.

ჩემს შემთხვევაში ასე არ არის. პირიქითაა. ცოცხლად დამარხვის ტოლფასია. შემოთავაზებაც კი ძალიან შეურაცხმყოფელია. ადვოკატებმა ჩემი პოზიცია უკვე გაახმოვანეს. არა, ვერ მოვაწერ ხელს ამ საპროცესო გარიგებას. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რაც მოხდა, ის არ იყო თავდასხმა. რა სამართალია, ეს არ ვიცი.

ჩემი დაპატიმრების პირველი დღიდან ამ სასამართლო დარბაზში არაერთგზის მკაფიოდ დამიფიქსირებია, რომ პასუხისმგებლობას არ გავუბრივარ, განსხვავებით, ე.წ. დაზარალებული დგებუაძისგან. კანონში არსებობს ჩემი ქმედების, სილის გაწვნისთვის ადეკვატური მუხლი", - თქვა სინდისის პატიმარმა.

მზია ამაღლობელის თქმით, სასამართლომდე მისი საქმე ისე მივიდა, რომ მისთვის კითხვა არ დაუსვამთ. მან მიკერძოებულ გამოძიებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "დგებუაძის ინტერესები რომ არ გაეტარებინათ, ეს საქმე თავდასხმის კვალიფიკაციით არ შევიდოდა სასამართლოში".

"მზია ამაღლობელი: მახსოვს ერთხელ სხდომაზე ბატონმა პროკურორმა მკითხა, ბრალდების კვალიფიკაციას თუ არ ეთანხმებით, რომელი მუხლი ერგებაო. ამას მეკითხება პროკურორი, როცა გამომძიებელმა ისე შეკრა და მოიტანა სასამართლოში საქმე, რომ ჩემთვის კითხვა არ დაუსვამთ, ჩემი აზრი არ აინტერესებდათ.

დარწმუნებული ვარ, თავის დროზე, გამომძიებლებს პროფესიული კითხვები რომ დაესვათ, მიუკერძოებელი გამოძიება რომ ჩაეტარებინათ, დგებუაძის ინტერესები რომ არ გაეტარებინათ, ეს საქმე თავდასხმის კვალიფიკაციით არ შემოვიდოდა სასამართლოში.

სისხლით დავიჭერო, შემპირდა, 4-დან 7 წლამდე, პროკურატურაც მის სამსახურში ჩადგა. მაგრამ ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. სასამართლომ უნდა იმსჯელოს. იმაზე, თუ რა სასჯელი მერგება.

ეს განაჩენი მარტო ჩემი სასჯელი არ იქნება. ეს თქვენი სასჯელიც იქნება, ბატონო პროკურორებო, ყელა იმ პირის პროფესიული სასჯელი, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ჩართული იყო ამ საქმეში", - თქვა მზია ამაღლობელმა.

მზია ამაღლობელმა ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან მის მიმართ განცხადებებზეც ისაუბრა და ქართული ოცნების პრემიერს ირაკლი კობახიძეს მიმართა.

"სასამართლომ არ დაგვიკმაყოფილა შუამდგომლობა, რომ დაგვესვა კითხვები [სახელმწიფოს წარმომადგენლებისთვის, თანამდებობის პირებისთვის]. დამნაშავედ მიხსენიებინ. გლობალური ომის პარტია მიმაგრებს ზურგს, ტრენინგებზე მასწავლეს სილის გარტყმა, ფულიც ავიღე თურმე. პოლიციის დაკნინებაზე და სისტემის ჩამოშლაზე მუშაობო. ათასი სიგიჟე და ბოდვა... ბოდიში, ამას რომ ვამბობ. არ გეგონოთ, ამას შემთხვევითი პირები ამბობენ. ისინი ძალაუფლებაში არიან და მმართველ პოლიტიკურ გუნდს წარმოადგენენ. წინაზე ვთქვი და ვიმეორებ, განსაკუთრებით აქტიურობს "ქართული ოცნების" პრემიერმინისტრი - ირაკლი კობახიძე.

ბატონო ირაკლი, პოლიციის რეპუტაციის შელახვას დიფ სთეითი არ სჭირდება. თავად იქცევიან ისე, რომ ანადგურებენ საზოგადოების ნდობას. ნდობის კრიზისი მაშინ შეიქმნა, როცა მათ რიგებში მოძალადეებს გადაეფარეთ და არ გამოიძიეთ ისეთი დანაშაულები, როგორიცაა ჩემს კოლეგებზე, როგავაზე, ქეშელაშვილზე და სხვებზე თავდასხმის ფაქტები. თავდასხმა რაც არის, რასაც უკეთებენ მაკა ჩიხლაძეს, როგავას, შეწირულს, ეს არის თავდასხმა. მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს, იმ პირებს, რომელთაც თავზე გადაახიეთ კონსტიტუცია და უთხარით, თქვენი მომავალი ევროპაში არ არისო. დააკავეთ, სცემეთ მარშრუტკებში, არც ეს საქმეები გამოიძიეთ", - თქვა მზია ამაღლობელმა.

ამის შემდეგ, სინდისის პატიმარმა პოლიციის მხრიდან მის მიმართ ღირსების შემლახავ მოპყრობაზე ისაუბრა.

"ამიტომაც ძალიან მიჭირს და აღარაფერს ვამბობ, იმ ღირსების შემლახველ მოპყრობაზე, რაც ჩემ მიმართ ჩაიდინა პოლიციამ... ქალბატონო მოსამართლევ, მე ამის კადრები არ მაქვს და წარმოიდგინეთ, რასაც მოგიყვებით და აქამდეც მომიყოლია.

სრულიად მშვიდ გარემოში ჩნდება პოლიცია, აწყობს ჭყლეტას და მაქცევს ნიღბიანების გარემოცვაში. ძლიერი ბიძგების შედეგად, ასფალტზე ვეცემი და ფეხებით გადამივლიან, გადამთელავენ.

ახლა მეორე ეპიზოდი წარმოიდგინეთ, სილის გარტყმის შემდეგ, ფეხშიშველი, რამდენიმე წუთის წინ დაწიხლული, პოლიციის განყოფილებაში ვზივარ. ხმაურითა და გინებით ოთახში შემოვარდება პირი, მოიწევს, ძალიან ცუდია, რომ ვერ დავიმახსოვრე ის სახეები, ვინც ამარიდა მაშინ ამ პირის ფიზიკურ თავდასხმას. მადლობა ეკუთვნით მათ ჩემგან და იმიტომ.

ეს შემოვარდნები, გინებები სამჯერ მეორდება და ყოველი მომდევნო შემოვარდნა იმაზე უფრო შეურაცხმყოფელია, ვიდრე პირველი. ერთ-ერთი ასეთი შემოვარდნის დროს, ვიგრძენი, თავი ავწიე, შემაფურთხა სახეში. შემდეგ თავის თანამშრომლებს უთხრა, რომ წყალი არ მოეწოდებინათ და არც საპირფარეშოში გავეყვანე. არ მეგონა, თუ საჯაროდ გავიმეორებდი, როგორ თქვა - "ჩაიფსას". კადრად წარმოიდგინეთ, ეს პირი ე.წ. დაზარალებული ირაკლი დგებუაძე იყო.

ამის მერე დამცირება მისმა თანამშრომლებმა გააგრძელეს. ხელბორკილები დამადეს, ზურგს უკან შემიკრეს.

ვივამედში როცა ვიყავი, ტელევიზიით აჩვენეს კადრი, საჩვენებელი კადრი, როგორ დააკავეს ადამიანი, წინ ხელები შეუკრეს. რომ ინატრებ, რომ ასე დაგაკავონ", - თქვა მზია ამაღლობელმა.

მზია ამაღლობელმა მოსამართლესაც მიმართა და თქვა, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, უნდა იცოდეს, რომ მზია ამაღლობელი "თავს გამარჯვებულად თვლის".

"არ გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ქალი ვარ. ნურც ჯანმრთელობის მდგომარეობას გაითვალისწინებთ. მტკიცებულებებიც საკმარისია.

რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, მინდა იცოდეთ, რომ თავს გამარჯვებულად ვთვლი. ამისთვის მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ადვოკატებს, უფლებადაცველებს.

როცა სახელმწიფო მანქანა ჩემ წინააღმდეგ დაირაზმა, ვისაც არ დაეზარა, ქვა და ტალახი მესროლა. ჩემმა ადვოკატებმა შეძლეს და ფაქტებით დაუპირისპირდნენ პროპაგანდას. მათ შეძლეს, ჩემს სიმართლეზე ამ დარბაზში და მის მიღმაც არგუმენტებით და მტკიცებულებებით ელაპარაკათ. მათ შეძლეს ადამიანების მიმართ ნდობა შემენარჩუნებინა და სამართლიანობისთვის ბრძოლა გამეგრძელებინა. დაიმახსოვრეთ მათი სახელები, ისინი ქართული მართლმსაჯულების საყრდენები გახდებიან.

მადლობას უთვალავი ადამიანი იმსახურებს ჩემგან. კიდევ ერთი სიცოცხლე რომ მომეცეს, არ იქნება ამისთვის საკმარისი - იმისთვის მადლობის გადასახდელად, რასაც ვგრძნობ 200 დღეზე მეტია", - თქვა მზია ამაღლობელმა.

სინდისის პატიმარმა დასკვნითი სიტყვა მადლობით დაასრულა.

"მზია ამაღლობელი: ხშირად ვხედავ მარცხნივ საელჩოებს, ორგანიზაციებს, რომლებიც მედიისა და ჟურნალისტების უფლებებზე მუშაობენ. მათი აქ ყოფნა ჩემს პერსონალურ მხარდაჭერად არ აღმიქვამს. ისინი აქ ჩვენი მომავლის, ღირებულებების, ევროპული მომავლის, თავისუფალი სიტყვის მხარდასაჭერად არიან. მათი აქ ყოფნა ნიშნავს, რომ მარტო არ ვართ და დიქტატურისკენ მიმავალ რეჟიმთან ბრძოლაში გვერდით გვყვანან. მადლობა საქართველოს მეგობრებს.

მადლობა ჩემს კოლეგებს, ჟურნალისტებს. კრიტიკულ მედიაში მომუშავე ყველა პირს, სამოქალაქო სექტორს და თავისუფლებისთვის მებრძოლ ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც წინააღმდეგობის ჯგუფს წარმოადგენს. სადაც არ უნდა იყოთ, გახსოვდეთ, რომ განუზომელი ენერგიის მატარებელია ის ხმა და ძალა, რაც თქვენგან მოდის. თქვენი სოლიდარობის შედეგია, რომ შიმშილობის დროს ფიზიკურად გადავრჩი. ნუ დაკარგავთ თქვენი შესაძლებლობების რწმენას. დრო ჯერ კიდევ არის. ბრძოლა გამარჯვებამდე!

ბოდიშიც მაქვს მოსახდელი. ჩემს ოჯახს, მეგობრებს, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის გუნდს მინდა ვუთხრა, რომ ძალიან ვწუხვარ, რომ ყველაზე რთულ და მნიშვნელოვან დროს თქვენთან არ ვარ.

არ გატყდეთ! მე თქვენი მჯერა. მჯერა იმის, როგორი მტრული და საფრთხის შემცველი გარემოც არ უნდა გქონდეთ, თქვენი ყველა ნაბიჯი იქნება ღირსეული. აზრის, სიტყვის თავისუფლების დაცვისკენ მიმართული.

თავისუფლება ყველა რეჟიმის ტყვეს. ჩვენ დამნაშავეები არ ვართ", - თქვა მზია ამაღლობელმა.

დარბაზი მზიას სიტყვის დასრულებას ტაშით შეხვდა.

დასკვნითი სიტყვის შემდეგ, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა განაჩენი არ გამოაცხადა და ის 6 აგვისტოსთვის გადადო.